თვიდან თვემდე, ფაქტობრივად, არ რჩება პროდუქტი ან სერვისი, რომელიც არ ძვირდება, თვიდან თვემდე შიშით ველოდებით მაღაზიაში შესვლას ან ბაზარში წასვლას, რადგან წინა თვეს თუ კონკრეტული საკვებისთვის მაგ. 50 ლარი გადავინახეთ, მეორე თვეს, შესაძლოა, ეს 50 ლარი 80 ლარამდე გაიზარდოს. თვიდან თვემდე ფასების ზრდის ოფიციალური დასტურიც ქვეყნდება ხოლმე და როგორც სტატისტიკა გვაცნობს, ყოველი მომდევნო თვე წინასთან შედარებით ფასების ზრდით გამოირჩევა.
არის ბიზნესები, რომლებიც ზოგჯერ მომხმარებელს თითქოსდა აყვედრის არსებულ ფასებს და ეუბნება, უფრო მეტად უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ კბილებით გვიჭირავს ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზეო. არადა, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე ფასების მატება ბიზნესს კი არ უმცირებს მოგებას ან გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს კი არ აზარალებს, ამ ყველაფერს ჩვენ ვიხდით, ყველა ფასნამატი ჩვენს ზურგზე გადადის და ყველა მომატებული პროცენტის ამოღება თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ხდება. გამოდის, რომ ზარალდება რიგითი ადამიანი, მისი შემოსავალი კი არაპირდაპირ, მაგრამ თვიდან თვემდე მცირდება.
ვინ ვის აბრალებს ფასების ზრდას, ვის მოთხოვოთ პასუხი იმ მძიმე ეკონომიკურ გარემოზე, რაც დღეს ქვეყანაშია, ვის შევჩივლოთ, რომ მაგ. გასულ თვეს პურში, ზეთსი, შაქარში, მაკარონსა და ბოსნტეულში პირობითად 30 ლარი დახვარჯეთ და ახლა იმავე რაოდენობის იმავე პროდუქტში 40 ლარის გადახდა გვიწევს – ამ კითხვებით “ფორტუნამ” ეკონომისტებს მიმართა.
სამომხმარებლო პროდუქტების რეკორდული გაძვირების ქრონოლოგია
როგორც წესი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვე აქვეყნებს ინფორმაციას ინფლაციის შესახებ და გვთავაზობს ჩაშლილ ვერსიას, რომელ პროდუქტზე რამდენი პროცენტით მოიმატა ფასმა.
ამჯერად, ბოლო რაც გვაქვს, ოქტომბერია. სწორედ ამ პერიოდში, “საქსტატის” ცნობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ მოახდინა, ასევე გაძვირდა საწვავი.
ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ფასების ზრდა ასეთია:
ბოსტნეული და ბაღჩეული – 43%
ზეთი და ცხიმი – 31.6%
პური და პურპროდუქტები -19.4 %
რძე, ყველი და კვერცხი – 18.2%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.0%
თევზეული – 16 %
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 13 %
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.2 %
ხილი და ყურძენი – 9.3%
ყავა, ჩაი და კაკაო – 6.4 %
როცა ოფიციალურ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს გადავხედოთ – როგორც გაირკვა, თურქეთს შემდეგ, ყველაზე მეტად ფასები სწორედ საქართველოში გაიზარდა.
2021 წლის ოქტომბერში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.89% შეადგინა. აზერბაიჯანში იმავე პერიოდში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10% შეადგინა, სომხეთში კი ეს მაჩვენებელი 9.1% – ია.
სად მივყავართ ფასების გაძვირების მიზეზების ძიებას
ფასების ზრდის მიზეზებზე, გამოსავალზე, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, ამჯერად პროდუქტების რეკორდულმა გაძვირებამ გადაგვაწყვეტინა, ეკონომისტისთვის გვეკითხა – როდემდე და რის გამო გაგრძელდება ფასების ზრდის ტენდენცია და არსებობს თუ არა ბერკეტი, ფასების შესამცირებლად თუ არა, მინიმუმ ამ პროცესის შესაჩერებლად.
ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი გვეუბნება, რომ ზოგადად სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირებაზე, ძირითადად, სამი ფაქტორი ახდენს გავლენას.
ნავთობკომპანიის ინტერესი ვერანაირად ვერ იქნება ის, რომ საწვავი ღირდეს უფრო ძვირი - ბიზნესასოციაცია
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
“პირველი ეს ლარის სისუსტეა. ანუ, ბიზნესს გარკვეული პერიოდის მარაგები აქვს. მერე, როცა ლარის გაუფასურების შემდეგ დაიწყეს შესყიდვები, ეს ბუნებრივია იმპორტირებული საქონელია, შესაბამისად, მათ უწევთ მაღალი ფასების დაწესება.
მეორე ფაქტორი – ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო პოლიტიკაა. მათ უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკა აქვთ, ვიდრე უნდა იყოს”.
“ფორტუნას” კითხვაზე, რას გულისხმობდა და რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, გიგა ბედინეიშვილმა გვიპასუხა:
“რეფინანსირების განაკვეთი უფრო მაღალი უნდა იყოს. ეს ინფლაციას ებრძვის. ეს არის, როგორც წამალი. ეკონომიკური ზრდისთვის ეს ცუდია, მაგრამ ინფლაციისთვის – აუცილებელი. ეროვნული ბანკის ფოკუსი არასწორი მიმართულებითაა. გვახსოვს ლარიზაციის პროექტი. ამან ძირი გამოუთხარა ლარს.
მესამე ფაქტორი, რაც ასევე გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე – ნავთობის გაძვირებაა. კი არის რამდენიმე ფაქტორი აქ, მათ შორის ტრანსპორტის ხარჯი, კონტეინერის ხარჯი, მიწოდების ნაწილშიც არის პრობლემები, ამას კი ვუმატებთ სუსტ ლარს, რომელიც კიდევ უფრო აძვირებს და აქციზის გადასახადს, რაც ასევე აძვირებს.
მოკლევადიან პერიოდში შედეგისთვის აქციზი უნდა გააუქმონ, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეკონომიკური მიდგომის კუთხით დრამატული ცვლილებებია საჭირო. ამის შანსი გვაქვს ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, თუმცა არ გვაქვს გარანტია”, – ამბობს ეკონომისტი.
შეგახსენებთ, რომ ფასების რეკორდული ზრდის მიუხედავად, ხელისუფლება დიდი ხანია გვარწმუნებს, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდით ევროპულ ქვეყნებსაც კი უსწრებს. რიგითი მოქალაქეები კი, რეალურად, ეკონომიკურს ვერ, მაგრამ ფასების ზრდას საკუთარ ჯიბეზე ყოველდღე გრძნობენ.