ბათუმელი ნათია თოფჩიძე სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე ყოველდღიურად ახალ-ახალ გამომწერებს იზიდავს. მისი კონტენტი უმეტესწილად მშობლიურ ქალაქ ბათუმს უკავშირდება. ხუმრობენ, რომ მის გარეშე ამ ქალაქში უკვე აღარ იხსნება ახალი ადგილები. პიარმენეჯერი ახლახან „შეფების ლიგის“ 14 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. ახლა ნათია თბილისში ცხოვრობს, რადგან მისი ვაჟი აქ სწავლობს და დედას მისი ყურადღების გარეშე დატოვება არ სურს. პიარმენეჯერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი გული ერთადერთ ადამიანს ეკუთვნის…
ნათია, ამბობენ, რომ შენ გარეშე ახალი ადგილები ბათუმში აღარ იხსნება. მოგვიყევი, როგორ მიაღწიე ამ ყველაფერს, როგორ დაიწყე ინფლუენსერობა და რამდენი ხანი დაგჭირდა წარმატების მისაღწევად?
ბათუმში ჩემ გარეშეც ბევრი რამ იხსნება, თუმცა ვისაც მიზანი აქვს, რომ რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ნებისმიერი სიახლის შესახებ მთელმა ქალაქმა გაიგოს, იქ აუცილებელი სტუმარი ვარ. ზოგი მთელი ცხოვრება სწავლობს პიარს და არაფერი გამოსდის, ჩემთვის კი ეს, მგონია, უფრო თანდაყოლილი ნიჭია. ნებისმიერ პროფესიაში ჯერ ადამიანი უნდა იყო კარგი და მერეა სხვა დანარჩენი. ადამიანები უნდა გიცნობდნენ, გენდობოდნენ, არ უნდა გქონდეს აუდიტორიის ან კამერების წინაშე საუბრისა და თავის წარდგენის შიში, უნდა იყო სავსე კრეატიული იდეებით, იუმორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რთული სიტუაციების დროს პოზიტივით შეძლო განმუხტვა. სიტყვა ინფლუენსერი არ მიყვარს, ახლა გახდა ძალიან ტრენდული, როცა მე პიარი დავიწყე, მაშინ ეს სიტყვა არავინ იცოდა. უკვე 17 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული.
მანამდე რა პროფესია გქონდა არჩეული და რით იყავი დაკავებული?
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მანამდე ვიყავი ბათუმის აეროპორტის საავიაციო უშიშროების ზედამხედველი ინსპექტორი. იმდენად მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ის, რომ ჩემ გვერდით ყველა უნდა იღიმოდეს, მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო საჩემო პროფესია…

საინტერესოა, როცა ამ საქმით დაინტერესდი, რამ განაპირობა შენი ეს არჩევანი და რა მიზანი გქონდა?
ეს საქმე, როგორც ახლა მე კითხვა დამისვით, დღესაც არ არის ჩემთვის საქმე. იმდენად მიყვარს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სამსახურად არ მივიჩნევ. ასეთი ხასიათი მაქვს, მიყვარს სიურპრიზების მოწყობა, გამარჯობაც კი არ მიყვარს ჩვეულებრივი, მეგობრებმა შემარქვეს ადამიანი-დღესასწაული. მეგობრებმა ერთ დღეს მირჩიეს, ისეთი ნიჭი გაქვს, რატომ არ გინდა სცადო ივენთების მოწყობაო. ვცადე და საოცრად გამომდის დღემდე… ყველაფერი დაიწყო ესთეტიკური ცენტრების პიარით, შემდეგ გაგრძელდა რესტორნებით, შემდეგ კი ყველა იმ სიახლით, რაც ჩვენს ქალაქში ხდება.
წლების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გამიცნო ჩემი პოზიტიური მიდგომებით. ყველას ვესაუბრები ისე, როგორც ჩემს მეგობარსა და ახლობელს, ეს მოსწონთ ჩემში. არ ვცდილობ, ინოვაციებითა და მორბენალი სტრიქონებით მოვახდინო ადამიანებზე შთაბეჭდილება. რასაც მე არ შევჭამ, არ გავაკეთებ ან არ ვიგრძნობ თავს კომფორტულად, ეს ყველამ იცის, რომ არაფრის ფასად არ გავუწევ რეკომენდაციას. ამიტომ მენდობა ხალხი და მაქვს მათი მხრიდან დიდი სიყვარული…
ახლახან „შეფების ლიგაში” გამოჩნდი, სადაც გია აგირბას ექსკლუზიურად შენთვის გამხელილი რეცეპტით აჭარული ხაჭაპური გააკეთე. როგორ დაიყოლიე გია და რა რეაქცია ჰქონდა მას, როცა გადაცემა ეთერში გავიდა?
„შეფების ლიგა“ ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ვარ ადამიანი, რომელსაც არ უნდა უთხრა, რომ რამეს ვერ შეძლებს, რადგან საპირისპიროს დამტკიცებას შევეცდები. ამ პროექტში მონაწილეობით ჩემს შიშზე გავიმარჯვე. ვფიქრობ, უკვე გამარჯვებული ვარ ჩემი გამბედაობით, რადგან არ ვარ მზარეული, ვარ უბრალოდ მოყვარული. ჩემი ყოველდღიური მიზანია იმ კუთხის ღირსეულად წარმოჩენა, საიდანაც ვარ…
რაც ვისაუბრე ნდობასთან დაკავშირებით, იმავეს თქმა შემიძლია გია აგირბაზეც. მისი დაყოლიება არ იყო ჩემთვის რთული. წლებია ვიცნობ, არაერთხელ გამიკეთებია პიარი, ჩაგვიწერია მასტერკლასი სამზარეულოდან. ახლა, როცა პროექტისთვის დამჭირდა, უყოყმანოდ დამთანხმდა, გამიზიარა რეცეპტი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს. სერიოზულად შევუდექით მზადებას. უდიდესი შრომა ჩადო, მიხარია, რომ გავამართლე მისი იმედებიც და ჩემი გულშემატკივრისაც. გავაკეთე აჭარული ხაჭაპური, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა. ბედნიერი ვარ, ამ პროექტში უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და იმედი მაქვს, ბევრ ახალ რეცეპტს ვისწავლი.
მომხიბვლელი ქალი ხარ და ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გხიბლავენ და რა მეთოდებით, თუ არსებობს ის ერთი, ვისაც შენი გული ეკუთვნის? როგორია მამაკაცი, რომელიც შენს გულს მოიგებს და რა კრიტერიუმები გაქვს?
ერთ ადამიანს ეკუთვნის ჩემი გული სამუდამოდ, იმის მიუხედავად, იმსახურებს თუ არა ამას. მე ვარ პასუხისმგებელი არა სხვის,ა რამედ საკუთარ გრძნობაზე. რა პასუხისმგებლობებიც მაქვს საქმესთან დაკავშირებით და ვარ ერთგული, ასეთივე ვარ პირად ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ვერავინ მომხიბლავს, რადგან არ ვაძლევ ფლირტის შანსს, მოწერილსაც კი არ ვპასუხობ.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, უნდა იყოს მშრომელი, ერთგული და ვუყვარდე ყველანაირი, პატიოსნებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმატებულიც და წარუმატებელიც უნდა ვუყვარდე, დანარჩენს ერთად ყოფნით მივაღწევთ და შევქმნით. ჩემთვის სიყვარული ასეთია, უნდა იყოს უანგარო და სამაგალითო.

ვიცი, რომ გყავს დიდი შვილი – მოგვიყევი მის შესახებ...
ალბათ, როგორც ქალების უმრავლესობა, ვარ მარტოხელა დედა. ჩემი შვილი, რეზი შუბალიძე არის 21 წლის. სწავლობს თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ყველა დედა აქებს შვილს, მაგრამ რეზი არის ადამიანი, სკოლიდან მოყოლებული ვერ იპოვით ადამიანს, რომელმაც შეიძლება ცუდად დაახასიათოს. ის, რაც იშვიათია დღეს, მისთვის პრიორიტეტულია მხოლოდ სწავლა. დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარია წიგნი. არის წესიერი, გაწონასწორებული, მშვიდი, ზრდილობიანი, სერიოზული… ჩემგან განსხვავებით, არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში. მოკლედ რომ ვთქვა, უფალს ვუყვარვარ და გამიმართლა, რომ მყავს ასეთი შვილი. მუდამ ვამაყობ ჩემი შვილით…
რა კომპლიმენტებს იღებ ხოლმე ბათუმელებისგან, როცა ქუჩაში გხვდებიან და რა გესიამოვნა ყველაზე მეტად?
ბათუმში, სადაც უნდა ვიყო, რომელ ქუჩაზეც, თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. თავს მახვევია უამრავი ადამიანი, რომელთა ღიმილი ენერგიით მავსებს. ერთსა და იმავე კომპლიმენტებს ხშირად ვისმენ – დილა შენით იწყება, მაგალითი ხარ, ძლიერი ხარ… ენერგიული ხარ… ეს სიტყვები, იცით, რას ნიშნავს ჩემთვის? სულ რომ დამენგრეს თავზე ყველაფერი და წავიქცე, არ მაქვს უფლება, ვიყო დაღონებული, რადგან ძლიერად მხედავენ. ვცდილობ, ვინც კი შემოვა ჩემს გვერდზე, გაიღიმოს და კარგ განწყობაზე დადგეს. მსიამოვნებს ის, რომ ყველა ასაკის გამომწერი მყავს, მათთვის საინტერესო ვარ. როცა სადმე ვარ და უცნობი ადამიანი მეუბნება, რომ ჩემი გამომწერი გამეცნობა, ეგრევე გულში მიხუტებს. არავის ვტოვებ უპასუხოდ. არ ვარ დაუნახავი ადამიანი, რომ ვიღაცას ვერ ვხედავდე და არ დავაფასო, ან სიყვარულით არ ვუპასუხო. ეს ადამიანები დროს მითმობენ, მიწონებენ და აკომენტარებენ, მგულშემატკივრობენ და სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცე? ნებისმიერ პროფესიაში წარმატება ხალხზეა დამოკიდებული, ამიტომ მე მათ მიერ გამოხატულ ნდობასა და სიყვარულს ძალიან ვუფრთხილდები.
რა მიზნები გაქვს სამომავლოდ და რაიმე საინტერესო სიახლეს ხომ არ გეგმავ?
უფლის სიყვარულს მუდამ ვგრძნობ და ამჯერადაც გამაოცა ახალი შანსით და გამოწვევით. მივემგზავრები პარიზის მოდის კვირეულზე, არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც მოდელი, ქართველი დიზაინერის ნინი ჯულაყიძის ბრენდ „ლიმას“ ულამაზესი კაბით, რომელსაც „შავი გედი“ შევარქვით. ეს, იცით, ჩემთვის რას ნიშნავს? მე ვარ 40 წლის. ყველა ქალს მინდა ვუთხრა, არასდროს არის გვიან, რომ თქვენი ოცნებები აიხდინოთ. ყველაფერი შესაძლებელი გახდება მაშინ, როცა ამას მოისურვებთ და საკუთარ თავს დართავთ ნებას, იყოთ ბედნიერი. რასაც დაისახავთ მიზნად, ყველაფერს მიაღწევთ. მინდა, ყველა ქალი იყოს ბედნიერი და ცხოვრობდეს მასთან, ვინც უყვარს…