LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქართველი მხატვარი დავით გუა, რომლის ნახატიც კრის დე ბურგის კოლექციაში ინახება: „ჩემს ფსევდონიმს ორმაგი დატვირთვა აქვს…“

482
დავით-გუა

რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ს მხატვარი დავით გუა სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

მხატვრობის მიმართ საკუთარი ხედვითა და დამოკიდებულებით გამორჩეული დავითი უამრავი შემოქმედებითი პროექტის ავტორია. ხატვა 10 წლიდან დაიწყო, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კი, 15 პერსონალური და 50 ჯგუფური გამოფენა მოაწყო. მისი ნამუშევრები უამრავი ცნობილი ადამიანის, მათ შორის მუსიკოსის კრის დე ბურგის კოლექციაში ინახება. 

კერძო კოლექციები

წლების წინ, როცა კრის დე ბურგი ბათუმში მართავდა კონცერტს, ჩვენ იმ დროს გამოფენა გვქონდა. შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენს გამოფენაზე, თუმცა ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევრები, რომლებიც მუსიკალურ თემებზე შევქმენი. რამდენიმე ნახატი შეარჩია და მეორე დღეს შეიძინა, რამაც ძალიან გამახარა.

პირველი ნამუშევარი

გალში დავიბადე, გავიზარდე და საბავშვო სამხატვრო სკოლაც იქ დავამთავრე. პატარა სახელოსნო მქონდა სახლში, იქ ვხატავდი, მერე კი, საბავშვო გამოფენებში ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, სახლი დაიწვა და მხოლოდ რამდენიმე ნახატის გადარჩენა შევძელი, რომლებიც დღეს  ამერიკელი არტ-კრიტიკოსის ჯერი სალცის კოლექციაში ინახება. უამრავი ნამუშევარი გავუგზავნე, თუმცა, სწორედ ბავშვობაში დახატული აფხაზეთის პეიზაჟები მოიწონა. ძალიან გამაკვირვა მისმა არჩევანმა, ალბათ ყველასგან განსხვავებული ნახატები იყო და ამიტომ მოეწონა. მართალია, ხშირად ვმოგზაურობ საზღვარგარეთ, მაგრამ კოლექციის დიდი ნაწილი, რომელმაც წარმატება მოიპოვა, მაინც თბილისში შეიქმნა.

მხატვრობა, როგორც კოსმოსთან კავშირი, სივრცესთან საუბარი, ღმერთთან დიალოგი

დავიდ გუა, გულით მხატველი, 4000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრის ავტორია.

შთაგონება

ბოლო დროს ღამე მიყვარს ხატვა. 3-4 საათზე ვიწყებ მუშაობას და დილამდე ვაგრძელებ. საბედნიეროდ, სახელოსნო სახლში მაქვს, ამიტომ შორს წასვლა არ მიწევს. შთაგონებას არასდროს ვეძებ, საერთოდ არ ვიცნობ მუზას, რაც ბევრს ძალიან აკვირვებს. პირიქით, მუზა ყოველთვის კართან დგას და აკაკუნებს, მაგრამ მე კარს არასდროს ვუღებ, რადგან ჯერ კართან მისვლა, მერე ტილოსთან დაბრუნება მხოლოდ დროის კარგვად მიმაჩნია. მხატვარს ერთი ცხოვრება არ ჰყოფნის, ამიტომ არც დრო აქვს დასაკარგი. ძალიან აქტიურად ვმუშაობ, ყოველდღე ახალს ვპოულობ, ახალს ვსწავლობ და არ მინდა დროის ფუჭად ხარჯვა. სინამდვილეში, მხატვრობა არ ნიშნავს მხოლოდ კარგად ხატვას, მხატვრობაა ყველაფერია – მოძრაობისა და მანერების ჩათვლით. მხატვარს დგომაც განსხვავებული აქვს, ღიმილიც და ცასაც სხვანაირად ხედავს. კარგად დახატვა ყველას შეუძლია, ნამდვილი შემოქმედება კი, რომელიც კოსმოსთანაა კავშირში, ყოველ წუთს ახლის შექმნაა.

აფხაზეთი

33 წლის განმავლობაში რისი დახატვაც ვერ შევძელი, სწორედ იმას ვხატავ ახლა. ერთი ნახატი ჩემს სოფელს მივუძღვენი და ყველაფერი დავხატე, სახლები, ქუჩები. სხვათა შორის, ერთი ქუჩა დიანა ღურწკაიას, მეორე კი, სალომე ჭავჭავაძის სახლთან მთავრდება. ერთად გავიზარდეთ და კარგი ბავშვობა გვქონდა. გამოფენაზე, რომელსაც წელს მოვაწყობ, დამთვალიერებელს დეტალურად გავაცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობდნენ, მოვუყვები, როგორ ძალიან უყვარდათ საკუთარი კარ-მიდამო, თუმცა ყველაფრის დატოვება მოუწიათ. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ, ბევრი მოვითმინეთ და გადავიტანეთ, თუმცა ჩემს ნახატებში არც ტკივილი ჩანს, არც დარდი, რადგან ძალიან არ მიყვარს საკუთარი განცდების სხვისთვის თავს მოხვევა. პირიქით, ყოველთვის ბევრად მხიარულად და ფერადად ავსახავ სამყაროს, ამიტომ ბოლო სერიას სწორედ „ფერადი სამყარო“ დავარქვი.

ფსევდონიმი

ჩემს ფსევდონიმს ორმაგი დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ, მარკეტინგული სვლაა, რადგან წარმოუდგენელია თანამედროვე მხატვრის წარმატება მარკეტინგის არცოდნის გარეშე, მეორეს მხრივ, ჩემი გვარი ინგლისურად „ბაძაგუად” ჟღერს, ამიტომ სწორედ დაბოლოება ავირჩიე ფსევდონიმად. ამასთანავე, აფხაზურად გუა „გულს” ნიშნავს, ისე როგორც, მეგრულადაა გუა „გულის” ფუძე. ერთხელ ბათუმის ერთ-ერთმა დიდმა სასტუმრომ რამდენიმე ნახატი დამიკვეთა და როცა მენეჯერს ვკითხე, გვარი მიმეწერა თუ ფსევდონიმი, გაკვირვებულმა მიპასუხა, „რას ლაპარაკობთ, სწორედ იმიტომ დაგიკვეთეთ, რომ გუა ხართო”.  საქართველოში ბევრს უცხოელი ვგონივარ და ძალიან უკვირს, როცა ჩემს გვარს იგებს.

გეგმები

სავარაუდოდ, გამოფენას შემოდგომაზე, ოქტომბრის თვეში მოვაწყობ, თუმცა არ ვიცი, რომელ გალერეაში გამოიფინება ჩემი ნამუშევრები. ზოგადად, აბსტრაქციონისტი ვარ, ძალიან მიყვარს ეს მიმდინარეობა და წარმოდგენა არ მაქვს როგორი იქნებოდა ჩემი შემოქმედება მის გარეშე, მით უფრო, რომ სწორედ აბსტრაქციაა ძიება და ტვინის ფილოსოფიური ოპერაცია. გამოფენის მოწყობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპოზიციას ანუ ნახატების განლაგებას, ამიტომ მოსაფიქრებელია, როგორ გაფორმდება მთავარი ნახატი. მართალია, პეიზაჟისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს პეიზაჟები, ამიტომ ახლა სწორედ პეიზაჟებზე ვმუშაობ, თუმცა უფრო თანამედროვე სტილში, რათა არ დაემსგავსოს წარსულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g