რუსეთის პრეზიდენტისთვის გამარჯვების დღე ლამის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულად იქცა. 9 მაისი მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა აღარ არის, ეს პოლიტიკური იწილო-ბიწილოა, რომელშიც პუტინს სურს აჩვენოს რუსეთის დადებითი მხარე და მისი მხარდამჭერები.
მაგრამ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმი უკვე მეოთხედ ჩატარდება მაღალი რანგის სტუმრების გარეშე და თან უწევს უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღება: რუსეთის ხელისუფლება შიშობს, რომ კიევმა შესაძლოა ეს შესაძლებლობა თავდასხმისთვის გამოიყენოს.
უკრაინას არ შეუძლია გარანტია მისცეს უცხოელი ოფიციალური პირების უსაფრთხოებას, რომლებიც მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმზე დასწრებას გეგმავენ, განაცხადა ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამ განცხადებამ სლოვაკეთთან დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია, რომლის მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ზელენსკის გაფრთხილება გააკრიტიკა.
ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალეკსანდრ ვუჩიჩი ერთადერთი იყვნენ ევროპელ ლიდერებში, რომლებმაც აღლუმში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს, რამაც ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ვუჩიჩის შემთხვევაში, ბრიუსელმა მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა, რომ ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს არღვევს და პოტენციურად ზიანს მიაყენებს სერბეთის გაწევრიანების პროცესს.
ევროპელი ლიდერები მოსკოვში არ მიდიან, თუმცა წითელ მოედანზე იქნება მოსკოვის ყველაზე ღირებული მოკავშირე და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 7-დან 10 მაისამდე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა რუსეთს.

რამდენად უსაფრთხო იქნება აღლუმი?
გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან სამდღიანი (7-9 მაისი) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ზელენსკიმ ამას „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა, რომელიც რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის შემსუბუქებასა და მოსკოვში ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად. ზელენსკიმ განაცხადა, რომ წინადადება არ წარმოადგენს ომის დასრულების სერიოზულ მცდელობას.
„ისინი კლავენ (7 მაისამდე), რამდენიმე კომფორტული დღით ჩერდებიან და შემდეგ 11-დან კვლავ იწყებენ შეტევას“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ორშაბათს, აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც რუსეთის დედაქალაქში რეპეტიციები მიმდინარეობდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღამით ოთხი დრონი ქალაქს მიუახლოვდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინული უპილოტოები მოსკოვთან მიდიან. რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და მოსკოვის ხელისუფლების ცნობით, მათ 70-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინულ დრონებს ახლა გაცილებით შორს ფრენა და 3000 კმ-ის დიაპაზონის მიღწევა შეუძლიათ.
კიევი შორი მოქმედების დრონებს იყენებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის, რომელთა სამიზნეც სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მიზნით რუსეთმა გააუქმა გამარჯვების აღლუმი ოკუპირებული ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში.
განცხადება ამის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს უკრაინის საზღვაო დრონით განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რომლის შედეგად რუსული გამანადგურებელი სუ-30 ჩამოაგდეს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ამას „უპრეცედენტო ოპერაცია“ უწოდა: პირველად, საზღვაო დრონმა რეაქტიული თვითმფრინავი გაანადგურა.

რატომ არის გამარჯვების დღე ასეთი მნიშვნელოვანი პუტინისთვის?
მოსკოვისთვის 9 მაისი მხოლოდ გამარჯვების დღე არ არის. პუტინის მმართველობის დროს ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულად და რუსეთის სამხედრო ძალის გრანდიოზულ დემონსტრირებად იქცა.
ეს კიდევ უფრო სიმბოლური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
უკრაინასთან ომში რუსეთმა გაიმეორა მრავალი სლოგანი და სიმბოლო, რომლებიც იდენტურია საბჭოთა კავშირის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებულებთან.
თავად პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში „საბჭოთა ხალხი მარტო იბრძოდა“, მოკავშირეების წვლილის უგულებელყოფით.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას მან განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზნები ქვეყნის „დენაციფიკაცია“ და „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ იყო.
უკრაინამ კი თავი დააღწია საბჭოთა ეპოქის თარიღებს. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად მეორე მსოფლიო ომის ხსოვნას უკრაინაში 8 მაისს აღნიშნავენ, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

ვინ ჩავა გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში
მოსკოვში აღლუმს დაესწრებიან:
ჩინეთის პრეზიდენტი სინ ძინპინი, სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი, სლოვაკეთის პრემიერი ფიცო, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანი, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა, კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი, ასევე – ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის პირველი პირები; მოსკოვში იქნებიან – ისრაელის ელჩი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ბურკინა-ფასოს, ეგვიპტის, კონგოს, მონღოლეთის პრეზიდენტები, ვიეტნამისა და ეთიოპიის წარმომადგენლები; ორიც არაღიარებული „ქვეყანა“ – აფხაზეთის პრეზიდენტი ბადრა გუნბა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ვერაფერს იტყვი – დიდებული სიაა!..
