პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები აჩენს კორუფციის ნიშნებს, ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, გიგი ჩიხლაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში, 62 ფიზიკურ პირს დაუფიქსირდა, ჯამში 34 კომპანია, რომლებმაც სხვადასხვა პარტიას სულ 900 ათასი ლარი შესწირეს და, სანაცვლოდ, 4 მილიონის ღირებულების კონტრაქტები მიიღეს. როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ჩნდება გონივრული ეჭვი, შემოწირულობების სანაცვლოდ ხომ არ მიიღეს აღნიშნულმა პირებმა კონტრაქტები.
“მაგალითად, პარლამენტის წევრმა, გოჩა ენუქიძემ, 45 ათასი ლარის შემოწირულობა გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ და, ამავდროულად, მის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა მიიღეს 2.5 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ნამდვილად კორუფციულ გარიგებას უკავშირდება მსგავსი ფაქტები, თუმცა შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ, რომ დაინტერესდნენ და გამოიკვლიონ, ხომ არ ფიქსირდება კანონდარღვევა” – განაცხადა გიგი ჩიხლაძემ.
პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებანგარიში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშში გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების სასარგებლობ 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე განხორციელებული შემოწირულობები.
საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 10 286 735 ლარის შემოწირულობა მიიღო, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისათვის“ – 2 289 122 ლარი, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 651 662 ლარი. შემოწირულობების კუთხით მესამე ადგილზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 151 797 ლარით, ხოლო „გირჩი“ – 601 717 ლარი.