საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებგვერდზე გუშინ დაიწყო.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერი“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორს, ნინო ველთაურს ესაუბრა.
მან ყველა იმ დეტალზე გაამახვილა ყურადღება, რაც დასაქმების მსურველებს დააინტერესებთ.
ვინ შეძლებს დასაქმებას?
“საქართველოს მოქალაქეები, 18-დან 59 წლის ჩათვლით, 1-დან 3 თვის ვადაში, გერმანიის ფედერაციაში, სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას შეძლებენ. სასურველია, რომ ჰქონდეთ გამოცდილება სეზონური სამუშაოებზე მუშაობის. ჰქონდეთ ასევე სურვილი და მოტივაცია, რომ ამგვარი ტიპის სამუშაოზე დასაქმდნენ საზღვარგარეთ.
ეს არის დროებითი სამუშაო, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-დან 3 თვემდე დასაქმებას ითვალისწინებს.
3 თვის შემდეგ მოქალაქე ბრუნდება უკან, თუმცა მომავალ წელს და შემდგომ წლებშიც მას აქვს შესაძლებლობა კიდევ გააგზავნოს თავისი აპლიკაცია, არ არის შეზღუდული.
ასევე აუცილებელი გარემოებაა ის, რომ მოქალაქე წასვლამდე, დასაქმებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა იყოს ნამყოფი შენგენის ზონაში, რათა დასაქმების შესაძლებლობა ჩაჯდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში.
თქვენ იცით, რომ ჩვენს მოქალაქეებს შენგენის ზონაში 90 დღის განმავლობაში აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება. ამას ითვალისწინებს ეს სეზონური დასაქმებაც.
შემდეგ როცა ჩამოვლენ მოქალაქეები მომავალი 3 თვე მაინც ისევ არ აქვთ გამგზავრების უფლება, მომდევნო გამგზავრებამდე მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს გასული.
ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ მას გასულ პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა და ისეთი შემთხვევა, რომელიც დაბრკოლებას უქმნის შენგენის ზონაში შესვლის დროს, არ უნდა ჰქონდეს დეპორტი ან რაიმე მსგავი.
ჩვენს მოქალაქეებს გამგზავრებამდე, როდესაც კონკრეტული შეთავაზების განხილვა მოხდება, ვთხოვთ ჯანმრთელობის და ასევე ნასამართლეობის ცნობების წარდგენას.
უცხო ენის ცოდნა არაა სავალდებულო, თუმცა სასურველია. თუ ჯგუფურ დასაქმებაზე მიდგება საქმე, დამსაქმებლები არიან თანახმა, რომ ჯგუფში ერთი ან ორი საკომუნიაციო პიროვნება მაინც იყოს.
რაც შეეხება რეგისტრაციასა და პროცედურებს…
„რეგისტაციის პროცესი ორსაფეხურიანია, თავდაპირველად პირი რეგისტრირდება, შედის სისტემაში, შეჰყავს პირადი მონაცემები და რეგისტრირდება სააპლიკაციო ფორმაში, თუმცა იქ რეგისტრაციის შემდგომ დაინახავს, რომ შესავსებია გერმანიის სააპლიკაციო ფორმაც.
ზოგიერთ რეგისტრირებულს რეგისტრაცია კი აქვს გავლილი, მაგრამ გერმანიის სააპლიკაციო ფორმა არ აქვს შევსებული ბოლომდე და ჩვენ ახლა დამატებით საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ იმის თაობაზე, რომ მოქალაქეებმა ბოლომდე, სრულყოფილად წარმოგვიდგინონ სააპლიკაციო ფორმისთვის ინფორმაცია, სრულყოფილად შეავსონ განაცხადები.
განცხადების შევსების შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სჭირდება გარკვეული დრო, ყველაზე ადრე გამგზავრების დრო არის აპრილის თვე, იქამდე გვაქვს თვე-ნახევარი დაახლოებით.
სავარაუდოდ, 2-3 კვირა სჭირდება სააგენტოს, რომ შემოსული განცხადებების პირველადი გადარჩევა გააკეთოს, სტრუქტურიზებული მონაცემები შექმნას ასაკის, სქესის, გამოცდილების და უცხო ენის ცოდნის მიხედვით.
როდესაც დაიწყებს კონკრეტული ვაკანსიები შემოსვლას და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მარტის თვიდან დაიწყება ვაკანსიების შემოდინება გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან, ჩვენ შესაბამისად გადარჩეულ კანდიდატებს, ვუგზავნით სმს შეტყობინებებს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებში მივიპატიჟებთ ინდივიდუალურ გასაუბრებაზე და კონსულტაციაზე.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებიც ამ ეტაპზე, სხედან სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებში.
ჩვენ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ვართ წარმოდგენილი, ზოგიერთში არა. იქ, სადაც არ გვყავს წარმომადგენელი საკომუნიკაციო და საკონსულტაციო პირი არის, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი.
სმს-შეტყობინებას აუცილებლად მიიღებენ სამუშაოს პოტენციური მაძიებლები, მოვიპატიჟებთ მათ სერვისცენტრებში, გავაცნობთ იმ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ვაკანსიებს. ვაკანსიაში მითითებული იქნება, როგორც მინიმალური ანაზღაურება, ეს ვიცით, რომ არის 9,5 ევრო, ასევე სამუშაო საათები, იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლებები, მაქსიმალურად დაწვრილებით იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი და თუ ეს პირი განაცხადებს თანხმობას, მოეწონება შემოთავაზებული ვაკანსია, მას შევავსებინებთ სპეციალურ ფორმას და მოთხოვნას გავაგზავნით გერმანელ დამსაქმებლებთან. ამის შემდეგ კი, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თავად გერმანელი დამსაქმებელი.
წასვლამდე დასაქმებულმა უნდა განახორციელოს თვითმფრინავის ორივე გზის ბილეთის შესყიდვა, ხარჯი არის სამუშაოს მაძიებლის მხრიდან დასაფარი. მათ ასევე 72 საათით ადრე მოუწევთ პისიარ ტესტის ჩატარება, რომლის ხარჯებს ასევე სამუშაოს მაძიებელი ფარავს.
ვინ უზრუნველყოფს დასაქმებულის კვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს?
„დასაქმებული უზრუნველყოფს ადგილზე ცხოვრების და კვების ხარჯებს. თუმცა, დამსაქმებელი ზრუნავს იმაზე, რომ საცხოვრებელის ადგილი იყოს სამუშაოს ადგილთან ახლოს, რათა ხარჯი არ ჰქონდეს დასაქმებულს გადაადგილებისთვის და არც დრო დაიკარგოს.
დამსაქმებლებს, როგორც წესი, თვითონ აქვთ ხოლმე ორგანიზებული საცხოვრებელი კომპლექსები და ამ კომპლექსების ქირა არის ზოგადად ხელმისაწვდომი და ეს არ არის სტანდარტული მაღალფასიანი საცხოვრებელი ბინები.
ასევე კვებაც, როგორც წერი, არის შეღავათიან ფასებში.“
ენიჭება თუ არა პრივილეგია დროებითი დასაქმების პროგრამით მოსარგებლე პირს სამომავლოდ?
„თუ დამსაქმებელი და დასაქმებული კმაყოფილია თანამშრომლობით შეიძლება სამომავლოდ დამსაქმებელი პირდაპირ გავიდეს კონტაქტზე ან სახელობითად მოითხოვოს ამ ადამიანთან დაკავშირება.
ანუ ვინც ერთხელ უკვე ისარგებლებს, მათთვის ეს სქემა უფრო მარტივად იმუშავებს.“
რატომ შეირჩა სოფლის მეურნეობის დარგი და იგეგმება თუ არა სხვა სფეროების ათვისებაც?
“სფეროს გაფრთოება არის დაგეგმილი, იქნება ეს გერმანიასთან თუ სხვა ქვეყანასთან, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, მინისტრთან გვქონდა კომუნიკაცია, მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია.
გერმანია ჩვენთან გამოირჩევა აქტიური თანამშრომლობით ყველა სფეროში არამარტო ამ მიმართულებით, გერმანიასთან მრავალმხირივი აქტიური თანამშრომლობა გვაქვს და ამიტომაც არის გერმანია პიონერი ამ შემთხვევაში.
სოფლის მეურნეობის სეზონურ სამსახურზე გერმანიას ყველაზე მაღალი მოთხოვნა აქვს, ამ სფეროს შემოთავაზებაც მოხდა გერმანიიდან იმიტომ, რომ მოთხოვნაა დიდი და ყველაზე დიდი საჭიროება.“
კითხვაზე, რამდენად აზღვევს საქართველო იმის რისკებს, რომ მოქალაქეები არ დარჩებიან გერმანიაში ნინო ველთაური აღნიშნავს, რომ რისკები დაზღვეულია, რადგან პიროვნების შესახებ დეტალებს ფლობს, როგორც ქართული მხარე, ასევე გერმანია.
„ჩვენ ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრების დროსაც მკაფიო კომუნიკაციას ვახდენთ. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ ბოროტად ისარგებლოს ამ სქემით, ჩვენ ორივე მხარე ვართ მობილიზებული, ზუსტად ვიცით ადამიანი სახელით და გვარით, რომელ დამსაქმებელთან უნდა ჩავიდეს და რა დროს.
დამსაქმებელმაც იცის, ვინ ჩადის მასთან, ის დასაქმებულს აეროპორტში ხვდება.
თუ რომელიმე სამუშაოს მაძიებელი აეროპორტში არ გამოცხადდა, ამაზე ხდება მაშინვე შეტყობინება, ჩაერთვებიან აუცილებლად გერმანიის შესაბამისი სამსახურები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ პირის იდენტიფიცირება, მათ შორის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება და მას გაუკეთებენ დეპორტს და ის უბრალოდ დაკარგავს ამ ძალიან კარგ შესაძლებლობას.
ნინო ველთაურმა „ბიზნესკურიერთან“ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ 1 დღეში რეგისტრაცია 40 000-მა ადამიანმა გაიარა.
„მინდა აღვნიშნო, რომ გადატვირთვის გამო ამ ეტაპისთვის საიტი გამორთულია. გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 40 000 ადამიანი არის დარეგისტრირებული ვებ-გვერდზე, თუმცა აქედან ნაწილს აქვს გერმანიის აპლიკაცია სრულად შევსებული, ნაწილს აქვს მხოლოდ რეგისტრაცია გავლილი და სააპლიკაციო მონაცემები არ აქვს შეყვანილი.
ვისაც ნაწილობრივ აქვს შევსებული მათ შეტყობინებებს გავუგზავნით. მათ შეუძლიათ, რომ თავიანთი იუზერი და პაროლი შეიყვანონ, ვერიფიკაცია გაიარონ ტელეფონის ნომრებით.
ავტორიზაციას გაივლიან, თავიანთ გვერდზე შევლენ და შეავსებენ აპლიკაციის ფორმას.“-აღნიშნა დასაქმების სააგენტოს სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა “ფორტუნას” ეთერში საუბრისას.