აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ეთნოწმენდა და საცხოვრებელი ადგილებიდან მოქალაქეების გასახლება, ამის შესახებ პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ, განაცხადა. მისი თქმით, ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში შექიმნა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.
”ვფიქრობ, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას უნდა დაეკისროს, ვინაიდან, ერთმნიშვნელოვნად, აგრესია რუსეთის მხრიდან განხორციელდა. თან, საქმე ისაა, რომ ჰააგის სასამართლო გამოიძიებს 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მონაკვეთს, ვინაიდან ომი აგვისტოში არ დაწყებულა, თუმცა სამხედრო აგრესია აგვისტოში დაიწყო, რის გამოც მშვიდობისმყოფელები დაიხოცნენ” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
რაც ეხება საკითხს, შეიძლება თუ არა, რომ ეჭვმიტანილთა სიაში ყოფილი და მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც მოხვდნენ, ”თავისუფალი დემოკრატების” დეპუტატი არაფერს გამორიცხავს, თუმცა აქვე ამბობს, რომ თუ ქართველი მაღალჩინოსნები ამ სიაში მოხვდებიან, საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.
”არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება არაპრაგმატული განაჩენი, ვინაიდან სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიწყო და წინასწარი დასკვნების გაკეთება, რომ, შესაძლოა, ეს ქართულ მხარესაც შეეხოს, არასწორია” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, გამოძიების დაწყების ნებართვა მისცა.