მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკესთან“ (1-ლი ოქტომბრის ნომერი) ჰყვება, როგორ აღნიშნეს არველაძეებმა და ლორთქიფანიძეებმა რეზი არველაძე უმცროსის დაბადება. რეზი ახლახან ნანას ქალიშვილს ქეთი წიქვაძესა და თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ვაჟს, ნიკას შეეძინათ. ქეთისთვის ეს მესამე ვაჟია, ნიკასთვის კი – პირველი შვილი.
ნანა ლორთქიფანიძე:
„პატარა რეზი დილის ხუთის ნახევარზე დაიბადა. ძალიან ბევრი ადამიანი დავინდეთ და არ გავაღვიძეთ, თორემ დილის საათები რომ ყოფილიყო, არველაძეების თუ ჩვენი მხრიდან იმდენი ახლობელი და ტაშფანდურის მოყვარული იქნებოდა, ალბათ, ავიკლებდით იქაურობას! მშობიარეებს ეძინათ და ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქეცით. შამპანური მოიტანეს ნიკას მეგობრებმა და რა თქმა უნდა, ემოციურად შეძახილები აკლდა ამ ყველაფერს.
მერე ეს ამბავი ფუნიკულიორზე აღნიშნეს. ნიკამ დაპატიჟა მეგობრები და ახლობლები. ძალიან კარგი დრო უტარებიათ, მე კი სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, რადგან ამ დღეს სპექტაკლი მქონდა თელავში.
არველაძეებთან მოლხენას არაფერი სჯობს. მხიარულები, იუმორით სავსენი არიან. რეზიკო და თეონა ჩემთვის ახალგაცნობილები არ არიან. ისინი ჩემი უმცროსი დის, მაიკო ლორთქიფანიძის ბავშვობის მეგობრები არიან. ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად მოდიოდნენ და მათი სიყვარულიც ჩვენ თვალწინ განვითარდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი შვილებიც ერთმანეთს დაუკავშირებდნენ ცხოვრებას?!“