LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინა სთქვა თითქოს ადვილი იყოს“ – დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

315
23838

ქალის შრომა დაუფასებელია. მხოლოდ ქალს შეუძლია ერთდროულად მოამზადოს სადილი, ამეცადინოს შვილი, დაალაგოს სახლი, უყუროს ტელევიზორს, უპასუხოს ტელეფონს და თან მაკიაჟი გაიკეთოს. თუმცა ჩამონათვალი მხოლოდ ამით არ სრულდება. განსაკუთრებით თუ ის სოფელში ცხოვრობს. საოჯახო საქმეები, საქონლის მოვლა, ეზოში მუშაობა, ბოსტანი და კიდევ უამრავი საქმე, რომელსაც სოფლად ცხოვრება ითხოვს. ალბათ ყველაფერი ეს გაითვალისწინეს თავის დროზე გაეროში, როდესაც დააფუძვნეს სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე. 2008 წლიდან 15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

 

ვერ მივდივარ, როგორ დავტოვო ჩემი სახლ-კარი, ჩემი ნაშრომი, ადამიანის გარეშე ეზო რა იქნება

„85 წლის ქალი ვარ. ჩემი შრომით მიმიღწევია ყველაფერისთვის, რაც გამაჩნია. სოფელში ცხოვრება არ არის ადვილი. მუდმივი ფიზიკური შრომაა საჭირო. სოფლად ქალის ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით, თუ კიდევ სამსახურში გიწევს სიარული. ამ მხრივ ჩემი ცხოვრება საინტერესო იყო. 58 წელი სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი. სამი წელია აღარ ვმუშაობ. აქტიურად ვიყავი ჩართული მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საკითხებში. სამსახური, ოჯახი და სოფლის საქმეები ერთდროულად საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ღმერთი მაძლევდა ძალას. ახლა ქუჩაში რომ მხვდებიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები, მიხარია, რომ მცნობენ. თბილად მომიკითხავენ თმაჭაღარა გოგო-ბიჭები. ზოგი საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. სოფელში ცხოვრება გართულდა. ჩემი შვილიც ქალაქში ცხოვრობს და ჩემი წაყვანაც უნდა, მაგრამ ვერ მივდივარ. როგორ დავტოვო ჩემი სახლ-კარი, ჩემი ნაშრომი. მენანება. ადამიანის გარეშე ეზო რა იქნება. სოფელში დაბადებული და გაზრდილი, აქ დაბერებული ქალისთვის ძნელია ქალაქში ცხოვრება. ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე შეიძლება წიგნიც დაიწეროს. მე ერთი ხელეთელი ქალი ვარ, რომელმაც სოფლად ცხოვრება არჩია და თაობების განათლებაზე იზრუნა, ამიტომ ვერ ვტოვებ სოფელს” – ანიკო ლიპარტელიანი – ლენტეხი, სოფელი ხელეთი.

 

მახსოვს პირველად ძროხის მოწველა ვცადე და სახეში წიხლი მომხვდა. მერე მივეჩვიე

„18 წლის ქალაქელი გოგო ავეკიდე სიმპათიურ ბიჭს და გავყევი ცოლად. გაცნობიდან რამდენიმე თვეში. მომატყუა, ქალაქში სახლი მაქვსო. სოფლიდან ყოფილა და თან ისეთი სოფლიდან, გზაც არ იყო ნორმალურად გაყვანილი. არც შუქი იყო. ქორწილის დღეს წელამდე ტალახში ამოსვრილი შემიყვანეს სეფაში. ახლა მოსაყოლად კია სასაცილო, მაგრამ მაშინ სულ არ მეცინებოდა. გაოგნებისგან სიტყვას ვერ ვამბობდი. ჩემი ქმარი განათლებული და ჭკვიანი კაცი იყო. პროფესიით ინჟინერი. აფხაზეთში, სოფელ აჩიგვარაში ჩაის ფაბრიკა მისი აშენებულია. ის იყო ინჟინერ-მექანიკოსი. დედისერთა ბიჭის ცოლობა არ იყო ადვილი. დედამთილი აფხაზი მყავდა. ამითვალწუნა. ქალაქელი თხა გოგოა, არაფერი მაგან არ იცისო. რა უნდა მცოდნოდა, ქალაქში ყანა არ გვქონდა, რომ თოხი როგორ დამეჭირა მცოდნოდა. არც საქონლის მოვლა ვიცოდი. მახსოვს პირველად ძროხის მოწველა ვცადე და სახეში გემრიელი წიხლი მომხვდა. მერე მივეჩვიე. მივეჩვიე ჩაის მოკრეფასაც. საოჯახო საქმეებს დიდხანს ვსწავლობდი. დედამთილის მოსაწონს მაინც ვერ ვაკეთებდი. სულ ქალაქელ  „რინტუს“ (თხა მეგრულად – ავტ) მეძახდა. ერთხელ მწვანე ტყემლის მოსაკრეფად ხეზე ავედი. ტოტი ჩამომიტყდა და ნანადირევი ჩიტივით ცალი ფეხით ჩამოვეკიდე. ოპერაცია დამჭირდა. მაგის მერე დავკოჭლდი. ახალგაზრდა ვიყავი და ვკოჭლობდი, თუმცა სიამაყე მომაწვებოდა ხოლმე და იმ მოკლე ფეხს წვერებზე ვდგამდი, რომ მოძრაობაში თანაბარი ნაბიჯები მქონოდა. მერე შვილები წამომეზარდა. ყველაფერში მეხმარებოდნენ. საცხოვრებლად ქალაქში გადავიდნენ. მე ახლა  82 წლის ვარ და ჩემს უფროს შვილთან ერთად ქალაქში ვცხოვრობ, თუმცა ჩემი სოფელი მენატრება“ – ნონა არონია, აფხაზეთიდან.

 

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია მათი შრომა.

mazda magti 5g