მმართველი გუნდი ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მათ მიერ შეთავაზებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში არ ერთვება, ევროკავშირის წინააღმდეგ მიდის.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმა პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.
“მაგიდაზე უკვე დევს კონკრეტული გეგმა, რომელიც გაწერილია კონკრეტულ ვადებში და, ასევე, არის კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი. ამ ნაბიჯებისთვის ცხადია მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთოს თითოეული პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ჯგუფი და ეს განსაზღვრავს კიდევ მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის დონეს. ვინც უარს იტყვის ამ პროცესში მონაწილეობაზე, ის ფაქტობრივად უარს ამბობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე დღეა მიღებული აქვთ “გირჩს”, “მოქალაქეებსა” და გიორგი გახარიას პარტიას.
სამივე პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის პირველ ადგილზეა, ყველა მხარის ჩართულობაა აუცილებელი.