LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს – „ქართველმა ხალხმა მშვიდობას მისცა ხმა… ევროპაში კამათი მაინც იქნება, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ“

140
ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძე

„არჩევნებში ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, ეს მთელს დასავლეთ ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა, მაგრამ რაკი კონსერვატორულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს – ეს ასე იყო უნგრეთის არჩევნების შემდეგაც და ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ!“ – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ორბანმა ქართველ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.

ვიდეო: მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მხარეებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები უდავოა.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღოთ, როგორც აქამდე ხდება.

არჩევნების შედეგები უდავოა! თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია. მსგავსი სახის კამათი არსებობს, ბრიუსელში ყოველთვის ასეა.

როდესაც არჩევნებს თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ასეთ კამათს ყოველთვის ვხედავთ. ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული – თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება – არჩევნები უნგრეთში ჩატარდება თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასე იქნება და ასე აღიქვამენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილების, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო – მშვიდობის არჩევანი გააკეთა“, – თქვა ვიქტორ ორბანმა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში დააკვირდნენ უნგრელი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნები შეაფასეს, როგორც „პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული“.

„ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის. საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი. შემიძლია ვთქვა, არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა, იმ კრიტიკული აზრის გარდა რაც გამოითქვა. ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე, ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს. ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული. ამიტომ, მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცო“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g