LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვირუსს აქვს პოტენციალი, გავრცელდეს შორს და ფართოდ” – გვინეაში მარბურგის ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

308
1

დასავლეთ აფრიკაში, გვინეის ერთ-ერთ რეგიონში ინფექციური დაავადების – მარბურგის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 

გვინეის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა, დაავადებული იყო მარბურგით, ვირუსით, რომელიც ებოლას მსგავსია.

ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ “ვირუსი მის საწყის ეტაპზე უნდა შეკავდეს“.

ამავე დროს, ჯანმო-ს აფრიკის დირექტორმა დოქტორმა მატშიდისო მოეტმა განაცხადა, რომ ვირუსს აქვს პოტენციალი, გავრცელდეს შორს და ფართოდ.

მან ასევე შეაქო გვინეის ჯანდაცვის მუშაკები სიფხიზლისა და სწრაფი საგამოძიებო მოქმედებების გამო.

 

 

ინფიცირების შემთხვევა გასულ კვირას გუეკედუში, იმავე რეგიონში დაფიქსირდა, სადაც გამოვლინდა ებოლას ბოლოდროინდელი შემთხვევები, რომელიც უკვე დასრულებულია.

ამჟამად მიმდინარეობს ეპიდმოკვლევა იმ ადამიანების საპოვნელად, რომლებიც შესაძლოა კონტაქტში იყვნენ გარდაცვლილ მამაკაცთან.

გამოვლენილია ოთხი მაღალი რისკის მქონე კონტაქტი, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკი და კიდევ 146 პირი, რომლებიც შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ვირუსის შემთხვევის დაფიქსირების საპასუხოდ, კვლავ აქტიურ მუშაობას იწყებენ გვინეასა და მეზობელ ქვეყნებში არსებული სისტემები, რომლებიც აკონტროლებენ ებოლას გავრცელებას ბოლო პერიოდში.

 

 

ინფექცია, რომელიც ხშირად ლეტალური შედეგებით სრულდება – სიმპტომები და ვირუსის გავრცელების არეალი

 

მარბურგი მძიმე ინფექციური დაავადებაა, თვისებებით ებოლას ჰგავს, მისი სამკურნალო პრეპარატი ამ ეტაპზე არ არსებობს, ხასიათდება სიმპტომებით – ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, ღებინება და ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება.

ინფექციის სახეწოდება გერმანიის ქალაქ მარბურგს უკავშირდება, სადაც ვირუსის პირველი აფეთქება, 1967 წელს მოხდა, მაშინ, ჯამში, ვირუსის 31 შემთხვევა აღირიცხა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მორიგი ეპიდაფეთქება უკავშირდება ანგოლას. 2005 წელს ქვეყანაში ვირუსით 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სწორედ მაშინ, გლობალური ჯანდაცვის ორგანოს მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ეს არის ყველაზე სასიკვდილო ეპიდემია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მაშინ ასევე გამოვლინდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კენიაში, სამხრეთ აფრიკასა და უგანდაში.

მარბურგის ვირუსი ადამიანებს გადაეცემა ხილიჭამია ღამურებისგან, ვირუსი ასევე ვრცელდება დაინფიცირებულ ადამიანთან უკანასკნელი 21 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტის შედეგად.

მარბურგის სამკურნალო პრეპარატი ჯერ არ არსებობს, თუმცა ექიმების განმარტებით, ბევრი წყლის მიღება და კონკრეტული სიმპტომების მკურნალობა, პაციენტის გადარჩენის შანსებს ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g