LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის აღუდგება 1 იანვრიდან მართვის მოწმობა – რას აცხადებს არჩილ გორდულაძე

749
არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 1 იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, ტრანსპორტის მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.

გორდულაძის თქმითვე, მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გაიმართა კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იმ პირებს, რომლებსაც ამ მომენტისთვის აქვთ მართვის მოწმობები შეჩერებული (და რამდენიმე ათეული ათასია ამ პირთა რაოდენობა) 1 იანვრიდან და 1 თებერვლიდან, გარკვეული დარღვევების შემთხვევაში ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის მოწმობები და მათ შეეძლებათ, რომ თავიანთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დასხდნენ, მაგრამ ეს იქნება გამაფრთხილებელი ნაწილი. თუ ისინი კვალავ ჩაიდენენ იგივე დარღვევას, მათთვის კანონი იქნება მკაცრად განსაზღვრული. ამავდროულად, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ თუ პირს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო და გავა ჩამორთმევის ვადის ნახევარი, მიმართოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და გადაიხადოს კონკრეტული თანხა, ან მაგალითად, ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები და აიღოს მართვის მოწმობა. ეს ჩანაწერები უქმდება.

შესაბამისად, 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ წარმოდგენილი ინიციატივები. ერთი მხრივ, თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო, ასევე, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენისთვის, ან მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ასევე თუ ქულები გაუნულდათ, მათ 1 იანვრიდან, აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლურის შემთხვევაში, 1 თებერვლიდან. ხოლო სხვა პირებს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან მომხმარებლები იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეეძლებათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა.

რაც შეეხება ვის არ შეეხება, არ შეეხება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თუ პირი დაშავდება, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს მას მართვის მოწმობა ჩამორთმეული. მას არ აღუდგება მართვის მოწმობა. ინიციატივის მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ მართვის მოწმობები, ამავდროულად დაფიქრდნენ, რომ სხვა მსგავსი შემთხვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იმოქმედებს მკაცრი სანქცია. ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ მართვის მოწმობის მიღების საშუალება და საპატრულოს ხელმძღვანელს აღარ ექნება უფლება, რომ მიმართვის შედეგად, შესაბამისი შეზღუდვა მოხსნას და მართვის მოწმობა დაუბრუნოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g