მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში კვლავ დონალდ ტრამპი და მისი გეგმები თუ უკვე გადადგმული ნაბიჯებია. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა გარკვეულწილად სტაბილურობა შეარყია. მთავარი საკითხი გრენლანდიაა. მას სურს მიითვისოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორია, რაც ცხადია დიდ პრობლემას წარმოშობს.
ამას გარდა ტრამპი ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებითაც არ არის კმაყოფილი და თავდაცვის ხარჯების გაზრდასაც ევროპას უფრო აკისრებს.
ამასთან, ტრამპი აჩერებს მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის უკრაინისთვის, ხოლო პუტინის თქმით, ომი დასრულდება როგორც კი დასავლეთი უკრაინას აღარ დაეხმარება.
ამასობაში გადაჯაჭვული ხდება აშშ-სა და საუდის არაბეთის ეკონომიკა და პოლიტიკა, ხოლო ოკეანის გაღმა მომგებიან პოზიციაში მყოფი ჩავა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი.
„20 იანვრის შემდეგ კვლავ ყურადღების ცენტრშია დონალდ ტრამპი, მისი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ჰქონდა კონტაქტები ევროპელებთან. ჩვენთვის საინტერესოა როგორ წარიმართება აშშ-სა და ევროპის ურთიერთობები. ტრამპი აქტიურად ავითარებას ტარიფების დაწესების თემას, უსამართლო სავაჭრო პოლიტიკის გატარებას აშშ-ის მიმართებით. მაღალი ალბათობით ის ინსტრუმენტად გამოიყენებს ამ საკითხს მოლაპარაკებების დროს.
ამავე დროს ევროპის კავშირი მზად არის დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მიაღწიოს შეთანმებას.
აქ არის ერთი საკვანძო საკითხი, რომელშიც აშშ-სა და ევროპას და შესაძლოა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსაც კი ჰქონდეს სერიოზული პრობლემა. ეს გახლავთ ისევ და ისევ გრენლანდია. ტრამპი არ ეშვება მისი ამერიკისთვის მოპოვების საკითხს. დანიის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარში მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გრენლანდიელებს, 57 ათას მაცხოვრებელს, არ სურთ იყვნენ აშშ-ის შემადგენლობაში. ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევა, რომლის თანახმად 85%-ს არ უნდა აშშ-ის შემადგენლობაში შესვლა, 6% მომხრეა, ხოლო დანარჩენი 9% გაურკვევლობაშია.
მიუხედავად ამისა, ტრამპი არ გამორიცხავს არცერთ საშუალებას, რომ დაეუფლოს გრენლანდიას. ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია მინერალური რესურსებისა და ახალი მარშრუტების თვალსაზრისით.
ევროპელმა ლიდერებმა დანიას მხარდაჭერა აღუქვეს და აცხადებენ, რომ ვერანაირი მეთოდებით ევროპული სახელმწიფოს და ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნის საზღვრები ვერ შეიცვლება. საჭიროების შემთხვევაში ორი მთავარი ეკონომიკის ქვეყანა მზადაა გრენლანდიაში ჯარების გასაგზავნადაც თუკი რეალურად გაჩნდება საფრთხე.
დანია პრინციპულად და მყარად დგას თავის პოზიციაზე და აპირებს უსაფრთხოებაზე 1.2 მილიარდი ევროს გამოყოფას.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა თავდაცვის ხარჯებია.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ხარჯები მშპ-ის 5 პროცენტამდე. ამ ზღვარს უკვე უახლოვდება პოლონეთი. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ყველაზე მეტი შანსი აქვს გამონახოს საერთო ენა ტრამპთან. ის მიწვეულიც იყო 20 იანვრის ინაუგურაციაზე და ტრამპმა ჯორჯას ფანტასტიური ქალი უწოდა. მათ ექნებათ თანხვედრა იდეოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ აქაც არის ერთი პრობლემა – თავდაცვის ხარჯებზე შესაძლოა ქონდეს 2 პროცენტიანი ვარდნა.
უკრაინა არის ყველა შეხვედრის განუყოფელი ნაწილი. პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის საკითხის განსახილველად. ზელენსკის თქმით კი, პუტინს სურს გაჭიანურება, მეტი ტერიტორიების დაპყრობა. ძალიან ძვირ ფასად, დიდი ადამიანური მსხვერპლის, ტექნიკის განადგურების და დაბომბვების ხარჯზე, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ტერიტორიებს მაინც იპყრობს რუსეთი. პუტინი აცხადებს, რომ ომი დასრულდება თუ უკრაინას შეუწყდება დასავლური დაფინანსება და დახმარება.
ტრამპმა გააჩერა USAID-ის ყველა ტიპის დახმარება ყველა ქვეყნისთვის. შემდეგ სასიცოცხლო პროექტებისთვის გამონაკლისი დაიშვა, აქ საუბარია აფრიკას თუ შუა აღმოსავლეთში საკვების მიწოდებაზე, მაგრამ უკრაინისთვის არასამხედრო პროექტები გაჩერებულია. ევროპამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და მზად არის ამისთვის, მაგრამ აქაც არის შემაფერხებელი ფაქტორები: ვიკტორ ორბანი ყოველთვის ცდილობს საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით დაბლოკოს და მერე მიიღოს სიკეთები ევროკავშირისგან. ახლა კი გამოჩნდა რობერტ ფიცო, რომელმაც ზელენსკის ღიად უწოდა სლოვაკეთის მტერი. შეგახსენებთ, სლოვაკეთს უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა.
მოკლედ ვნახოთ, რა გამოვა იმ ყველაფრიდან, რასაც ახლა დონალდ ტრამპი სახლში, აშშ-ში აკეთებს და საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს“.