3 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს უნიჭიერესი, განსაკუთრებული და გამორჩეული დიზაინერი – დათუნა სულიკაშვილი ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა თვითიზოლაციაში გატარებულ დღეებზე.
როგორ ჩაიარა თვითიზოლაციის თვეებმა?
ძალიან რთული აღმოჩნდა ეს ეტაპი, რადგან ვიგებდით ცუდ ინფორმაციებს და იყო დაძაბულობა, თუმცა რაღაც პლუსებიც ჰქონდა თვითიზოლაციას. არასდროს არ მქონია ფიქრის საშუალება, რადგან სულ ვმუშაობდი და გვიან ვბრუნდბოდი სახლში, ამ პერიოდში კი დავრწმუნდი, რომ ბევრი ფიქრი ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან კარგია.
თვითიზოლაციის პერიოდში ხომ არ დაინტერესდი სხვა პროფესიით?
განსაკუთრებული არაფერი, თუმცა დიდი ხანია არ მიხატია და ახლა დავიწყე, ძირითადად ვაკეთებდი სკეჩებს და ილუსტრაციებს . სამწუხაროდ, რაც გვქონდა გეგმაში და ვაპირებდით კოლექციის შექმნას ამ სეზონზე, ეს მასალები გადაიქცა პირბადეებად. პირბადეები გაიყიდება ჩემს პირად მაღაზიაში.
რთულია რეგულაციები, რომელიც დაგიწესეს?
რთულია, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესები, რათა დავამარცხოთ ეს საშინელი ვირუსი. ესეთ სიტუაციაში მუშაობა ძალიან რთულია, მქონია მომენტი, როდესაც შემიკვეთავს ნაჭერი ფოტოთი და სხვა რაღაც ჩამომსვლია, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. ამის შემდეგ სულ თვითონ ჩავდივარ და ისე ვარჩევ ნაჭერს. შესაბამისად თუ ტანსაცმელი არ ნახეს ჩაცმული, ვიზუალი, ფორმა ძალიან გაჭირდებათ შორუმებზეც. ვფიქრობ, რომ რთულ სიტუაციაში ვართ და კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ასე ყოფნა.
ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა მოდის სახლმა პანდემიის დროს, საკუთარ პროდუქციაზე ფასი მოამატა, საქართველოში რა სიტუაციაა ამ მხრივ?
როგორც ვიცი, ქართველი დიზაინერები ფასის მომატებას არ ვაპირებთ, თუმცა, არც ძალიან დააკლდება თანხა. ერთი მხრივ ეს ყველაფერი კარგია შიდა განვითარების და ეკონომიკისთვის, რადგან ვერ წავალთ ვერსად, ვერ ვიყიდით ტანსაცმელს ევროპაში და შესაბამისად მოგვიწევს საქართველოში ჩაცმა და დასვენებაც. ყველაზე პირველი, რასაც ვისურვებდი ის არის, რომ სიტყვა პირბადე აღარასდროს გვესმოდეს.