სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ იმის თაობაზე, რომ უწყება BabyBio Optima 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს, „ფორტუნამ“ კომენტარისთვის საქართველოში „ბეიბიბიოს“ ოფიციალურ პარტნიორს „ნატურლენდს“ მიმართა. ჩვენს შეკითხვებს კომპანიის ბრენდ მენეჯერმა თინათინ გოგიშვილმა უპასუხა.
– რატომ გახდა საჭირო „ბეიბიბიოს“ ადაპტირებული ნარევის, Optima 1-ის ორი სერიის გაწვევა საქართველოს ბაზრიდან?
– „ბეიბიბიოს“ კონკრეტული ფორმულის Optima 1-ის ორი სერიის გაწვევა საქართველოს ბაზრიდან პრევენციის მიზნით განხორციელდა. საფრანგეთში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, საფრანგეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა ბავშვთა კვების ინდუსტრიაში არსებული რეგულაციები, რათა გამოირიცხოს ჩვილის ჯანმრთელობის დაზიანების მინიმალური რისკიც კი.
გამკაცრებული რეგულაციების ფონზე და ხელისუფლების რეკომენდაციის გათვალისწინებით, კომპანიამ „ვიტაჟერმინი“, რომელიც არის „ბეიბიბიოს“ მწარმოებელი, მიიღო გადაწყვეტილება, მიზნობრივად და ნებაყოფლობით გაეწვია გლობალური ბაზრიდან მხოლოდ ამ ერთი პროდუქტის, Optima 1-ის სამი სერია, რომლიდანაც საქართველოს ბაზარზე შემოსულია მხოლოდ ორი, შესაბამისად, გაწვევაც მხოლოდ ორ კონკრეტულ პარტიას ეხება. მიზეზი პირველი საფეხურის ფორმულაში დამატებული კომპონენტია – არაქიდონის მჟავა (ARA), რომელსაც მომხმარებლები ომეგა 6-ის სახელით იცნობენ.
– რამდენად უსაფრთხოა „ბეიბიბიოს“ სხვა პროდუქტები?
– საფრთხის შემცველი და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის არც ერთი პარტია. მათ შორის არც ის, რომელიც გაწვეულია საქართველოს ბაზრიდან. საფრანგეთის უფლებამოსილ ორგანოებს არ დაუდასტურებიათ რაიმე რეალური რისკი, არ არის მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტები ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა. ეს რაც შეეხება გაწვეულ პარტიებს. „ბეიბიბიოს“ მეორე და მესამე საფეხურის ჩვილის ფორმულები კი საერთოდ არ შეიცავს ARA-ს, ასევე, ეს კომპონენტი არ გვხვდება ბრენდის ასორტიმენტში არსებული 200-მდე დასახელების არც ერთ სხვა პროდუქტში, იქნება ეს ფაფები, ხილფაფები, მზა სადილები, იოგურტები თუ ბისკვიტები. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბეიბიბიოს“ ყველა პროდუქტი სრულად უსაფრთხოა და სრულად აკმაყოფილებს ANSES-ის (საფრანგეთის საკვების, გარემოსდაცვითი, შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სააგენტოს) ბოლოდროინდელ გამკაცრებულ მოთხოვნებს.
