ყველაზე მარტივი გზა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად, მულტივიტამინების კომპლექსის მიღებაა, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება მაინც ნატურალური პროდუქტების გზის არჩევაა. შეიძლება გაგიჭირდეთ დაჯერება, მაგრამ მჟავე კომბოსტო მოთუშულ კომბოსტოზე გაცილებით სასარგებლო ყოფილა. დამჟავების გზით შენახულ კომბოსტოში უამრავი სასარგებლო ნივთიერება ნარჩუნდება: C, K და B ჯგუფის ვიტამინები – B1, B2, B3, B6, B12 – ასევე, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი თუთია. დამჟავების პროცესში კომბოსტო მდიდრდება ორგანული რძემჟავებით, რაც კარგად აისახება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე.

მზის სხივების ნაკლებობას ან მათ არარსებობას ზამთარში D ვიტამინის საკვები პროდუქტების მეშვეობით მიღება დააბალანსებს. ამ ვიტამინს კი უხვად შეხვდებით ხიზილალაში, კვერცხში, ნაღების კარაქში, ყველში კვერცხის გულში, თევზში. D ვიტამინის დეფიციტის შევსების გარდა, ეს პროდუქტები იმუნიტეტის გაძლიერებაშიც დაგეხმარებიან კანის მდგომარეობაზეც დადებით გავლენას მოახდენენ. თუ თქვენ წინდახედულობა გამოიჩინეთ და ზაფხულში საყინულეში კენკრის მარაგი გააკეთეთ, მაშინ ეს გაყინული კენკრა ძალიან კარგ სამსახურს გაგიწევთ ზამთარში. ყოველდღიურად გაალღვეთ მცირე რაოდენობით რომელიმე დასახელების კენკრა და მიირთვით ის იოგურტთან, მაწონთან ან ხაჭოსთან ერთად ან თუნდაც ყველაფრის გარეშე.

ზამთარში C ვიტამინის შემცველობით გამორჩეული შტოშია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ შტოში C ვიტამინთან ერთად ძალზე იშვიათ PP ვიტამინს შეიცავს, რომელიც თვის მხრივ C ვიტამინის ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს. ასე, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად შტოშს ძნელად თუ გაეჯიბრება რომელიმე სხვა კენკროვანი ხილი. გარდა ამისა, შტოში რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, მარგანეცს, ვერცხლს და ფოსფორსაც შეიცავს – ამ ყველაფრის წყალობით ის ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტად მიიჩნევა. აი მწვანილის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობა, რომ მასში – როგორც ცოცხალ მწვანილში, ისე გამომშრალშიც – უცვლელად ნარჩუნდება ეთერზეთები და შეუცვლელი მიკროელემენტები. ასე, რომ ზამთარში უხვად გამოიყენეთ მწვანილი კერძების მომზადებისას.