LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი“ – რა წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში

40
Untitled design (3)

„რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინაში“ – ეს არის რეზოლუცია, რომელიც 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

დოკუმენტის მთავარი გზავნილია, გამოცხადდეს ტერორისტულ რეჟიმად რუსეთის ფედერაცია.

რეზოლუციაში საუბარია პუტინის პოლიტიკურ პატიმრებზე და მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილზე.

რეზოლუციის ინიციატორების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ის უნდა გათავისუფლდეს:

„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რვა თვე გავიდა. ეს სასტიკი და არაადამიანური აგრესია იწვევს უზარმაზარ ტანჯვას, ნგრევას და იმ მასშტაბის მიგრაციას, რომლის მსგავსიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ეს აგრესია ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი, როგორც დანაშაული, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა და როგორც მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია ტექსტში.

ამავე რეზოლუციის მეშვიდე პუნქტში ვკითხულობთ:

„ამავდროულად, რუსეთის ფედერაციაში მზარდი რეპრესიული კლიმატია.დარბევის, დაშინების, დევნის საშუალებით ხელისუფლება სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავს.

მიუხედავად ამისა, ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა მთელ ქვეყანაში იფეთქა.

ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვას და მათ გათავისუფლებას, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციას ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აცხადებს, რომ „56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი და ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა“:

„ხუთშაბათი დღე ყველამ იცის, რომ ეს არის პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში. 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, ზოგადად, სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში.

მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები…

მხარდამჭერების უმრავლესობა, ანუ 56 დეპუტატი მხარს უჭერდა ამ რეზოლუციას. მათი ძალიან დიდი ნაწილი იყო სწორედ უკრაინული დეპუტაცია, რაც განსაკუთებით სამწუხარო და გულსატკენია. თქვენ იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. როდესაც ამ ფონზე, მათი მხრიდან ასეთი უსამართლო ჩანაწერების მხარდაჭერა ხდება, ეს არის ძალიან გულსატკენი და ძალიან სამწუხარო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები