პარლამენტის სამი წევრის მიმართ, რომელიც „ქართული ოცნებიდან” გავიდა, ვხედავთ სტიგმატიზების, ადამიანის დისკრედიტირების მცდელობის ტალღას, რომ უბრალოდ მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მათი დისკრედიტაცია იმიტომ ხდება, რომ მათ მოსაზრებები „ნაკლები ფასის მატარებელი იყოს.
„ვინაიდან კიდევ ერთხელ ახსენეთ ანტიდასავლური კამპანია, (გეტყვით რომ) ყველაზე დიდი ანტიდასავლურობა არის ადამიანის სტიგმატიზება, როცა ის თავის აზრს გამოთქვამს და შეფასებას. ახლა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ პარლამენტის სამი წევრი, რომელიც გავიდა – ქართული ოცნებიდან”, გამოთქვამს თავის აზრს, სვამს კითხვებს, აკეთებს შეფასებას და ვხედავთ მთლიან ტალღას სტიგმატიზების, ადამიანის დისკრედიტირების მცდელობის, რომ უბრალოდ მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანია, პრორუსულობა, “ეფესბე”.
ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხერხი ადამიანთან დისკუსიაში შესვლისა, მისთვის იარლიყის მიწებებისა და როცა იარლიყს მიწებებ, მერე აღარ ჩათვალო საჭიროდ, რომ ვინმესთან დისკუსიაში შეხვიდე. ყველაზე დიდი ანტიდასავლურობა არის დისკუსიაზე უარის თქმა და იარლიყის მიკერება, ნაცვლად იმისა, რომ დისკუსია იყოს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.
