LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ბოჟაძე: „გიორგი ბაჩიაშვილს უთხარით ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ მისწვდებიან ქართველი სამართალდამცველები – ფხიზლად იყოს“

361
ვლადიმერ ბოჟაძე და გიორგი ბაჩიაშვილი

„გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ რომ დაუკავშირდებით, უთხარით რომ ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს მისწვდებიან მას ქართველი სამართალდამცველები – ფხიზლად იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

როგორც ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „თუ სადმე არსებობს მართლა ის „ხვრელი“, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობდა და რომელშიც, როგორც ჩანს, გაძვრა და გაეტია“, ამასაც მოიძიებენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„რომელი ხვრელიდან გაძვრა ბაჩიაშვილი, მე ნამდვილად არ ვიცი, ან ამ ხვრელიდან გაძრომაში ვინ დაეხმარა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს გამოიძიებენ და თუ ვინმეს რამე კავშირი ექნება მასთან, თუ ვინმემ ხელი შეუწყო მას, რომ უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც იქნებიან პასუხისგებაში მიცემული.

„ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე“ – გიორგი ბაჩიაშვილი

„ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე“ – გიორგი ბაჩიაშვილი

რაც შეეხება ბაჩიაშვილს – ის ქართულ მართლმსაჯულებას ვერსად გაექცევა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ეგონოს თავი უსაფრთხოდ, ქართული მართლმსაჯულება მას ყველგან მისწვდება და იმ დანაშაულებზე, რომელიც მან უკვე ჩაიდინა და იმ დანაშაულზე, რომელიც ახლა დაამატა ქვეყნიდან გაპარვით, რა თქმა უნდა, მას მოუწევს შესაბამისი პასუხისგება.

სისტემის მორღვევა რაში გამოიხატება, მე არ ვიცი. თქვენ იცით, რომ შესაბამისი უწყებები მუშაობენ. თუ სადმე არსებობს მართლა ის ხვრელი, რომელზეც თავად ბაჩიაშვილი საუბრობდა და რომელშიც, როგორც ჩანს, გაძვრა და გაეტია, რა თქმა უნდა, ამასაც მოვიძიებთ და შესაბამის ზომებს მივიღებთ”, – განაცხადა ბოჟაძემ.

პროკურორი – ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის – საკითხი საჭიროებს შესწავლას, გამოძიება დაიწყება

ბოჟაძის თქმით, ბრალდებულებზე 24-საათიან თვალთვალს არავინ ახორციელებს, მათ შორის, არც გიორგი ბაჩიაშვილზე. როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყნიდან შეიძლება გაიპაროს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა რომ კანონი დაარღვიოს.

„ბაჩიაშვილს ჰქონდა [ქვეყნიდან] გაუსვლელობაზე ხელისმოწერა, ჩამორთმეული ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები. თქვენ გგონიათ ბაჩიაშვილს, თუ ნებისმიერ ეჭვმიტანილს უნდა სდიოს სახელმწიფო სისტემამ?! გავარკვევთ, რა სივრცე გამოიყენა მან. შესაძლოა, ეს იყოს აფხაზეთის, ან სამაჩაბლოს მიმართულება. თუ რუსეთშია თქვენი ძვირფასი ბაჩიაშვილი ამასაც დავადგენთ“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, ბრაზობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე, ბოჟაძემ უპასუხა: „არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე ბრაზდებოდეს, მით უმეტეს, ბაჩიაშვილზე. [რატომ?] რა ვიცი, ასეთი ადამიანია, არავისზე ბრაზდება“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. მას ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის, მას ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტების მითვისებას ედავებიან.

ფოტოკოლაჟში გამოყენებულია „პუბლიკის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g