ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა, – აღნიშნულის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს „უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.
„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს „კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობისა [და] უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.
კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება „175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.
„ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევები ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.