რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინდელი განცხადება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მუქარად შეაფასეს. „მუქარა, რომ რუსეთი მიზანში ამოიღებს ალიანსის მოკავშირეებს, მიუღებელია,“- აცხადებენ ნატოში.
გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობა თავდაცვითი ხასიათისაა, მაგრამ ნატო მზადაა, ნებისმიერ დროს დაიცვას ალიანსის წევრები.
საფრთხეებზე საუბრისას, მაღალჩინოსანმა მოსკოვის მიერ მცირე და საშუალო რადიუსის შეთანხმების პირობების დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება.
ნატოში აცხადებენ, რომ რაკეტებზე მუქარით, რუსეთი საკუთარი დესტრუქციული ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ სსრკ-სა და აშშ-ს შორის საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მსოფლიოში სიტუაცია შეიცვალა, ახლა კი, ვაშინგტონი თვითონ არღვევს ყველაფერს, შემდეგ კი გამართლებას ეძებს.
“ჩვენ ვუპასუხებთ სარკისებურად და ასიმეტრიულად. რუსეთი ან სუვერენული სახელმწიფო იქნება, ან საერთოდ არ იქნება,” – განაცხადა პუტინმა.
