LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნებათაღელვა 31 დეკემბრის საახალწლო გალაკონცერტის გარშემო – „მომღერალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე…“

172

საახალწლოდ თბილისის მერიის მიერ მოწყობილი კონცერტი, რომელიც „პირველი არხის“ ღია ეთერში გადაიცემოდა, ისევ გახდა კრიტიკის საბაბი. გადაწყვეტილებამ იმასთან დაკავშირებით, რომ  ქართველ მომღერლებსა თუ ჯგუფებს ახლად დაწერილი საახალწლო სიმღერები უნდა შეესრულებინათ, საზოგადოეობის ნაწილს თავიდანვე არ მოეწონა. კონცერტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მიშა მდინარაძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ხანია, საახალწლო სიმღერები არ შექმნილა და ამ მხრივ რეპერტუარის გამდიდრება არ იყო ცუდი იდეა.

კონცერტზე უამრავი ქართველი შემსრულებელი ვიხილეთ, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ახალი ნამუშევრებით. საზოგადოების ნაწილს კონცერტი მოეწონა, ნაწილს – არა.


კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომლის ტყუპი ბიჭები, დათუნა და ზუკაც მონაწილეობდნენ საახალწლო გალაკონცერტში და დედის მიერ დაწერილ ახალ სიმღერას ასრულებდნენ, სოცქსელში გამოთქვა თავისი მოსაზრება და აღნიშნა, რომ კარგი გამოსავალი იქნებოდა, მომღერლები ერთად გამოსულიყვნენ გახმოვანების პრობლემის წინააღმდეგ. მაიკომ დაწერა:

„როგორ შეიძლება, რომ შევიკრიბოთ, მოვილაპარაკოთ და მერე სათანადო სტრუქტურას დაველაპარაკოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვიგვარონ ღია ცის ქვეშ გახმოვანების (და არა მარტო ღია ცის ქვეშ) პრობლემა და ეთერში რაც შედის, ეგეც, რა თქმა უნდა. ასე მართლა აღარ შეიძლება, ხალხი მომღერლებს ლანძღავს და ვერც კი ხვდებიან, რომ მომღერალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ამ გაუგებრობასა და არაპროფესიონალიზმში…. ტყუპებმა მითხრეს, ვარაუდით ვიმღერეთო და ვისაც ვარაუდიც არ აქვს, იმათ რა ქნან? მოკლედ, ეს მართლა მოქმედებს თითოეული ჩვენგანის პრესტიჟზე და ამას ისევ ჩვენ თუ არ ვუშველეთ, სხვას „კიდია“, ყველა დამნაშავის ცოდვა ძალაუნებურად თქვენ გედებათ კისერზე, მომღერლებო!!! იქნებ, ვინმე აქტიურმა ადამიანმა აიღოს თავზე და მიტინგი მაინც მოვაწყოთ ამ თემასთან დაკავშირებით?“

ქრისტინე იმედაძემ ასევე მიუძღვნა სტატუსი ზემოხსენებულ საკითხს:


„მე
ვისურვებდი, რომ 2017-ში „ქართულ ესტრადას“ გამოუჩნდეს პატრონი და ვინმეს მოაფიქრდეს, რომ ეს ადამიანები (მომღერლები ) იმსახურებენ ერთ პროფესიონალურად გამართულ გუნდს , რომელსაც ცოცხალი შესრულების გაჟღერება შეუძლია!!!!! მომღერალს სცენაზე უნდა ესმოდეს თავისი ხმა ყურში!!!

ძალიან კარგია უცხოელი ვარსკვლავები! მადლობა! მაგრამ იმ დახარჯული მილიონებიდან რამე ხურდა მოიტოვეთ და გაუშვით სასწავლებლად ვინმე, ხმის რეჟისორები აღირსეთ ამ სფეროს!

თამთა ჭელიძემ ასევე ვრცელი კომენტარი განათავსა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. მომღერლის მოსაზრებით, არ არის აუცილებელი, ყინვაში ღია ცის ქვეშ კონცერტების გამართვა მაშინ, როცა ხმის კარგად დაყენება ვერ ხერხდება. შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ამ სტატუსს იმის გამო არ წერს, რომ თავად არ მღეროდა კონცერტზე.

თამთა ჭელიძე:

„რომ არ დამეწერა, ალბათ, გული გამისკდებოდა! მეგობრებო, როდის უნდა დამთავრდეს ეს უნამუსობა, ასეთი არაპროფესიონალიზმის ზეიმი, ეს უმიზნოდ და უნაყოფოდ ფულის გადაყრა, მომღერლების უმიზეზოდ ლანძღვა იმიტომ, რომ ორგანიზატორები ვერ აკეთებენ თავის გასაკეთებელს!.

ვინ ხართ თქვენ მანდ, რომ აძლევთ თავს უფლებას, ასეთი კონცერტები გადმოსცეთ 31 დეკემბრის ღამეს პირდაპირ ეთერში!!! რატომ გადაწყვიტეთ, რომ შეგიძლიათ ცოცხალი ორკესტრისა და ბენდის გახმოვანება ყინვაში და ვარსკვლავების ასე წარმოჩენა!. იმის მაგივრად, რომ მისცეთ საშუალება ამდენ ნიჭიერ ადამიანს, წარმოაჩინოს თავისი ნიჭი…

ან ვინ გითხრათ, რომ აუცილებლად ქუჩაში უნდა იყოს კონცერტი, ტოცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში იწერენა ცოცხალი კონცერტი რომელიმე დარბაზში და გადის 31-ში ღამე. და ეს კონცერტი უნდა იყოს ნამდვილი ზეიმი, მეგობრებო!.

შეუშვით პროფესიონალები მერიაში, ან არ ვიცი, სადაც საჭიროა და გააკეთებინეთ საქმე და არა მაყუთი! კმარა!..“

მიშა მდინარაძეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. კონცერტის მეორე დღეს მან „ფეისბუქზე“ შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:

„მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადის ბრძოლა გადავიტანეთ და სანგრების თხრა დავიწყეთ სცენასთან, რომ მუსიკოსები არ ემსხვერპლა ამ გაუთავებელ აფეთქებებს, კონცერტი მაინც ჩატარდა 🙂 გმადლობთ ყველა მუსიკოსს, ტექნიკურ პერსონალს და მსმენელს (ვინც პიროტექნიკით არ იყო დაკავებული), რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიდა კონცერტის მოსასმენად. ძალიან რთულია ასეთ სიცივეში დაკვრა და სიმღერა, თუმცა იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ასე მისტირის ფონოგრამაზე პირის დაღებას და ამ მკვდრადშობილი, მანკიერი ტრადიციის გაცოცხლებაზე ოცნებობს, ყველაზე ცუდად შესრულებული ცოცხალი კონცერტი მირჩევნია სტუდიაში ათასჯერ ჩაწერილ, მერე გასწორებულ-გაპატიოსნებულ, მუმიფიცირებულ სიმღერებს და ასე ჩატარებულ ვითომ კონცერტს!!! გილოცავთ ახალ წელს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g