ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.
პროცესის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ “ნერვიულობს და ახლა ვერაფერს იტყვის”:
“ვნერვიულობ, არაფერს გეტყვით, მაცალეთ. იქნება ამის დრო”, – თქვა ელგუჯა ცომაიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულებთან შეთანხმებით, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო.
აღნიშნულის შემდეგ, ადვოკატებმა დაკავებულების გირაოს 5000-5000-ლარიანი სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
როგორც დაცვის მხარე განმარტავდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ასევე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს, დაკავებულებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი უნდა შეცვლოდა.
შედეგად კი, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.