20 აპრილს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ცნობილი პროექტის Voice-ის ახალი სეზონის გახსნაზე ისაუბრა.
პოპულარობა სტეფანემ განსხვავებული შესრულების მანერისა და განსაკუთრებული ხმის ტემბრის წყალობით მოიპოვა. მისი შემოქმედება ოთხ ალბომს, რამდენიმე ათეულ სიმღერასა და სინგლს აერთიანებს, რომელთა შორის უმეტესობა ჰიტად იქცა. 2010 წელს სტეფანე პირველი ქართველი შემსრულებელი გახდა MTV Europe-ზე, ერთი წლის შემდეგ კი შოუში MTV live Georgia მიიღო მონაწილეობა. 2011 წელს მთავარ როლზე მიიწვიეს ქართულ მიუზიკლში “ქეთო და კოტე”, 2013-ში კი, მაია დარსმელიძესთან ერთად მეგა-შოუს Voice-ის მწვრთნელი გახდა.
– სტეფანე, რამდენიმე დღის წინ Voice-ის ახალმა სეზონმა აიღო სტარტი. საინტერესოა, რით იქნება განსხვავებული წლევანდელი შოუ გასული სეზონებისგან?
– მუსიკალურ შოუებში ყოველთვის არაჩვეულებრივი შემსრულებლები მონაწილეობენ, თუმცა Voice-ს მაინც განსაკუთრებული მუხტი და ენერგია აქვს. ყოველთვის ნიჭიერ და საინტერესო მუსიკოსებს იზიდავს, რადგან ძალიან სერიოზული მოთხოვნები აქვს, რომელთაც ცუდი მომღერალი უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებს. ამასთანავე, Voice-ის შექმნაზე Neo Production ზრუნავს, რომლის პროდუქცია ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. წელს პროექტს მართლაც შესანიშნავი, ერთმანეთზე უკეთესი კონკურსანტები ჰყავს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას.
– ნიჭიერი მუსიკოსი თუ დაგიწუნია ოდესმე მძიმე ხასიათის გამო?
– რა თქმა უნდა, არა. მე ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ კონკურსანტის ნიჭს, მუსიკალურ შესაძლებლობებს და ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას მის ხასიათს.
– რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის კარგი ხასიათი და ქცევის მანერები წარმატების მისაღწევად?
– ძალიან მნიშვნელოვანია. მძიმე ხასიათის პატრონებს ამბიციებიც მოჭარბებული აქვთ და ხშირად უჩნდებათ კომუნიკაციის პრობლემა. ამასთანავე, პირველივე წარმატების შემდეგ ზედმეტად ბევრის წარმოდგენა სჩვევიათ საკუთარ თავზე.

– შოუს წესები ხომ არ შეცვლილა?
– განსაკუთრებული ცვლილებები ნამდვილად არ გვაქვს. წესები წლების წინ განისაზღვრა და ჩამოყალიბდა, ამიტომ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ და ზუსტად შევასრულოთ.
– რამდენად წონადია მწვრთნელის გადაწყვეტილება?
– პროექტის ავტორებმა გამოცდილ მწვრთნელებს მოგვიყარეს თავი და ბოლომდე გვენდნენ, არასდროს ერევიან ჩვენს გადაწყვეტილებებში და კონკურსანტთა რეპერტუარის შედგენასაც ჩვენ გვანდობენ. პირადად მე ყოველთვის კონკურსანტებთან ვაზუსტებ, რის შესრულებას ისურვებდნენ და მხოლოდ ასე ვურჩევ სიმღერებს.
– გყავს თუ არა რჩეული კონკურსანტი?
– არჩვეულებრივი კონკურსანტები გვყავს. ხასიათის შეფასებას ნამდვილად ვერ დავიწყებ, თუმცა მუსიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით ნამდვილად მყავს ფავორიტები.
– შესაძლებლობა რომ გქონდეს, რას შეცვლიდი პროექტში?
– აბსოლუტურად არაფერს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული წესები აქვს, მაგრამ სწორედ ამგვარი სირთულეები ქმნის სანახაობას.
– რა განასხვავებს აქვს კარგ მუსიკას ცუდისგან?
– ვფიქრობ, საუკეთესო ისაა, რასაც ახსნა არ სჭირდება, რომ კარგია. თუმცა, ყველა ადამიანს თავისი კარგი და ცუდი მუსიკა აქვს, რომელსაც გემოვნება და პირადი დამოკიდებულება განსაზღვრავს.
– რომელმა ცნობილმა მუსიკოსმა მოახდინა გავლენა შენს შემოქმედებაზე?
– მემგონი არცერთმა.
– გყავს თუ საყვარელი მუსიკოსი?
– ერთს ნამდვილად ვერ დავასახელებ, რადგან ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული.
– არაჩვეულებრივი დუეტი ჩაწერე ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან ერთად,
– გეთანხმები. დიდხანს ვოცნებობდი ქალბატონ ნანისთან მუშაობაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დუეტი შედგა.

– კიდევ ვისთან ისურვებდი თანამშრომლობას?
– ასეთი სიამოვნებით ნამდვილად ვერავისთან ვერ ვიმუშავებდი.
– ყველაზე მარცხიან გამოსვლას ხომ ვერ გაიხსენებ, რომელიც განსაკუთრებით ცუდად გახსენდება?
– კონკრეტულად ვერ გავიხსენებ, მაგრამ რა თქმა უნდა, მქონია ჩავარდნები. ყველაფერი ენერგიასა და განწყობაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, უბრალოდ ცუდი დღე იყოს, როცა არაფერი ეწყობა და არაფერი გამოდის.
– რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია მსმენელის სიმრავლე კონცერტზე?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოპ-ინდუსტრიაში სწორედ რეიტინგის შენარჩუნებაა უმთავრესი. სხვათა შორის, ბევრად ადვილია მოიპოვო პოპულარობა, ვიდრე შეინარჩუნო უკვე მოპოვებული.
– რაში დახარჯე პირველი ჰონორარი?
– პირველი ჰონორარი – 30 დოლარი 15 წლის ასაკში მივიღე და მეგობრებთან ერთად დავხარჯე. 18-19 წლისას უკვე სოლიდური შემოსავალი მქონდა, თუმცა მაინც არასდროს მყოფნიდა, რადგან სწრაფად ვხარჯავდი და აუცილებლად მეგობრებთან ერთად.
– როგორც ვიცი, არასდროს გინდოდა შენი შვილის სტეფანიას მუსიკოსობა. აზრი ხომ არ შეიცვალე?
– ჩემი აზრით, პატარა ბავშვები, რომლებიც პუბლიკაზე მღერიან, ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან. ნამდვილად არ მინდა ჩემმა შვილმაც ასეთი სტრესი გადაიტანოს. მართალია, ძალიან მუსიკალურია, მაგრამ მე და მაია მაქსიმალურად ვიცავთ მსგავსი ცდუნებისგან.
– რა თვისება არ მოგწონს საკუთარ თავში?
– ბევრი რამ არ მომწონს. ძალიან სულსწრაფი, დაუფიქრებელი ვარ და ხშირად ვმოქმედებ არაადეკვატურად.

– შენთვის სასურველ შეთავაზებაზე თუ გითქვამს როდისმე უარი და რატომ?
– გასულ წელს ერთ-ერთი შოუსგან მივიღე კარგი შეთავაზება მაღალი ანაზღაურებით, თუმცა უარი ვთქვი, რადგან მივხვდი, პროექტის ავტორებთან გამიჭირდებოდა საერთო ენის გამონახვა. ბევრჯერ შემომთავაზეს კლუბის ხელმძღვანელობა, თუმცა ყველას უარით ვუპასუხე, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი საქმე არ იყო და ვერ შევძლებდი მენეჯმენტის სწორად განხორციელებას.
– რა სიახლეები გაქვს შემოქმედებით ცხოვრებაში?
– ჩემს საყვარელ ბენდთან ერთად ახალ ქავერზე ვმუშაობ, რომელიც მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩაიწერება. მოგვიანებით კიდევ ორი სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ და იმედი მაქვს ზაფხულის სეზონს ახალი კომპოზიციებით შევხვდები.
– როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა შენი წარმატება?
– ზოგადად, წარმატება ძალიან აბსტრაქტული მცნებაა, რადგან ყველას საკუთარი საზომი აქვს. თუმცა, ნებისმიერი შედეგის მისაღწევად მთავარი დაუღალავი შრომა და მონდომებაა.
– როგორც ვიცი, ახლო მომავალში კონცერტის გამართვას გეგმავ?
– იმედი მაქვს, ზაფხული მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია იქნება, პანდემია ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს და მეც მოვაწყობ დაგეგმილ კონცერტებს ღია სივრცეზე.
– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ მაქსიმალურად შეიკავებდი თავს სხვადასხვა გადაცემაში სტუმრობისგან. რამ გიბიძგა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე?
– 25 წელია შოუბიზნესში ვარ, უამრავი მეგობარი შევიძინე, რომელთა უმეტესობას დღეს თავისი გადაცემა აქვს. ყველგან მიწვევდნენ და ძალიან მიჭირდა უარის თქმა, არადა საშინლად მომქანცველია ყოველდღე სხვადასხვა შოუს სტუმრობა, ამიტომ ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ არსად აღარ მივიდოდი და ცოტას დავისვენებდი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი