LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოისის“ კულუარები – ანრი ჯოხაძე: „სისულელეებს ვმეტყველებ…“

113

ანრი ჯოხაძეს „ვოისის“ ბრმა კასტინგზე შევხვდით. მუსიკალური კონკურსების ჟიურიში ყოფნის გამოცდილება უკვე მიიღო. ახლა მორიგი რეიტინგული შოუს გასაკეთებლად ემზადება.

ანრი ჯოხაძე:

ძალიან მაგარი განწყობა მაქვს და ველოდები საინტერესო, განსხვავებულ და უნივერსალური ხმებს. მრავალწახნაგოვან, მრავალფეროვან და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ხმას ვეძებ. ახლა მოდაშია დაზეპირებული ფრაზები, რასაც მე არ მივესალმები და არ ვეძებ, მინდა კრეატიული ვოკალი და ნამღერი, რომელიც სათქმელს ამბობს.

დღეს ბოლო  ბრმა კასტინგია და მინდა ვთქვა, რომ უამრავ ნიჭიერს შორის მხოლოდ რამდენიმეა, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. აღმოვაჩინე ბიჭი, რომელიც ფენომენია.

ალბათ, აზარტულია ისიც, რომ შენ რომ აირჩევ, მერე შენც უნდა აგირჩიოს, თუკი სხვა მწვრთნელიც შემოტრიალდა.

ძალიან აზარტულია. იყო ისეთი მომენტიც, როცა შემოვტრიალდი და მინდოდა, კონკურსანტს მე ავერჩიე, დაილაპარაკა თუ არა, ეს სურვილი გამიქრა… აქაც ჩემი კრიტერიუმი მაქვს. მარტო მომღერლობა არ წყვეტს ყველაფერს. მაგალითად, შენთან რომ მოვა ინტერვიუზე, მეორედაც უნდა მოგინდეს მისი ჩაწერა და ურთიერთობა, სხვანაირად პერსონა ვერ გახდები. პირს რომ გააღებ და აღარ მომინდება შენთან მუშაობა, დამავიწყდება, როგორ მაგრად იმღერე, ეს უკვე საშინელებაა.

მწვრთნელების ერთმანეთთან კონკურენცია როგორია?

გვაქვს ერთი ამბავი. ნოდიკო თავის ამპლუაშია, მშვიდია ძალიან და მშვიდობიანად აკეთებს თავის საქმეს, ქეთა გადარეული გიჟია, ყველამ იცის, ნუცას კი ემოციების ოკეანე აქვს. არ იცი, რეებს ვლაპარაკობთ პაუზების დროს. არ ვიცი, თუ ჩასვამენ ამას გადაცემაში (იცინის).

ანრი, რეიტინგს დადებთ?

რეიტინგი უკვე დაიდო მწვრთნელების გამო, ნუცა შანშიაშვილი არასდროს ყოფილა ასეთ დიდ პროექტში, ამას დამატებული პირველი რანგის ვარსკვლავი აღმოსავლეთ ევროპაში, ქეთა თოფურია. მასთან ერთად დადებული პირველი ფოტოთითაც მივხვდი, რა რეიტინგი ექნება შოუს. ძირითადად, ფოტოებს რომ ვდებ, 1500 მოწონებამდე ადის, ჩემი და ქეთას ფოტო კი 5000-ზე მეტმა ადამიანმა დაალაიქა. მივხვდი სოციუმის დაინტერესებას ამ პროექტისადმი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ შოუს ექნება რეიტინგი.

ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი მოვიდა და აღმოვაჩინეთ. ფაქტობრივად, ახალი სახეები. სულ რამდენიმე იყო ასამდე მომღერალში, ცოტა ნაცნობი, ვინც კულუარულად ვიცი. ამ დრომდე ჩემი გუნდი უცნობი სახეებით დაკომპლექტდა და ესეთი იყო ჩემი მოთხოვნაც. მრავალკონკურსგამოვლილმა მომღერალმა თუკი ვერ გამოიყენა ეს ყველაფერი, ის ჩემთვის უკვე აღარ არის საინტერესო.

ყველას აინტერესებს შენი მახვილსიტყვაობა…

სისულელეებს ვმეტყველებ (იცინის).

პ.ს. ფოტო ეკუთვნის გიორგი ცაავას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g