„ჩვენ მტკიცედ, ძლიერად ვდგავართ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ომით ყველა დაიღალა, მათ შორის მტერიც.
„ომი კარგად არ გამოიყურება, ის კარგი თავიდანვე არ იყო და ზამთარში ის შენელდა. ყველა დაიღალა – ბუნება, ადამიანები და, მადლობა ღმერთს, მტერიც. ჩვენ მტკიცედ, ძლიერად ვდგავართ. მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ცოცხლების და მათი, ვინც გმირულად დავკარგეთ. ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ასევე ძლიერები ვართ ერის შიგნით, ერთიანები ვართ, ორგანიზებულები ვართ, რადგან მოტივირებულები ვართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეიარაღებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის წარმატებას მიმდინარე ომში.