“დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინელები გრძნობენ ბორის ჯონსონისადმი პირად მადლიერებას გრძნობენ.
„მე ველაპარაკე ბორის ჯონსონს დღეს და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსული ტერორის პირველივე დღიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იარაღი: საჰაერო თავდაცვის კომპლექსები – „სტინგერები“, მსხვილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები NLAW, ასევე არტილერია, საბრძოლო მასალები, ჯავშანმანქანები და მრავალი სხვა. წონიანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები, ფინანსური დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის – მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებისთვის 24 თებერვლიდან გამოყოფილია ორ მილიარდ ფუნტზე მეტი. თავისუფლების დაცვაში ბრიტანეთის როლი ნამდვილად გლობალურია. იმის მიუხედავად, რომ ეს არის ბრიტანული საზოგადოების პოზიციის ასახვა, სახელმწიფოს ხელმძღვანელის ლიდერობას და ქარიზმას ყოველთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მით უმეტეს, ასეთ დროს – რუსეთის მასშტაბური ანტიევროპული ომის დროს, რომელიც ევროპაზე თავდასხმით ჩვენი სახელმწიფოდან დაიწყო. გასაკვირი არაა, რომ უკრაინელები გრძნობენ ბორისისადმი პირად მადლიერებას. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ურთიერთობებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ვაშენებთ. დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში – ბორისმაც და გაერთიანებულ სამეფოში ყველა ჩვენმა მეგობარმა ამაში დამარწმუნეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
