უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის ჩადენისთვის რუსეთის დასასჯელად სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას.
როგორც ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს გახდება სიგნალი ყველა „შესაძლო აგრესორისთვის“, რომ მათ უნდა დააფასონ მშვიდობა ან მსოფლიო პასუხს აგებინებს.
„უკრაინის წინააღმდეგ სჩადიან დანაშაულს და ჩვენ ვითხოვთ სამართლიან დასჯას. დანაშაული იქნა ჩადენილი ჩვენი სახელმწიფო საზღვრების მიმართ, დანაშაულს სჩადიან ჩვენი ერის წინააღმდეგ, დანაშაულს სჩადიან ჩვენი მამაკაცების და ქალების ღირსების წინააღმდეგ, იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რაც თქვენ, მე და ყველა ჩვენგანს გვაქცევს გაერთიანებული ერების საზოგადოებად.
უკრაინა ითხოვს დასჯას ჩვენი ტერიტორიის მიტაცების მცდელობისთვის, ითხოვს დასჯას ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის, მამაკაცებისა და ქალების წამებისთვის და დამცირებისთვის. ითხოვს დასჯას იმ კატასტროფული ტურბულენტობისთვის, რომლის პროვოცირება მოახდინა რუსეთმა საკუთარი არაპროვოცირებული ომით და ეს ეხება არამარტო უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, ყველა ერს, ყველა სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია გაერო-ს გენერალური ასამბლეის დარბაზში.
ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ასეთი ტრიბუნალის შესაქმნელად. ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.