მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ფორსმაჟორული და უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ევროკავშირს სამი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე პოზიტიური განწყობა უნდა ჰქონდეს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირისთვის საგანგებო მნიშვნელობის საკითხია, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მისი ქოლგის ქვეშ იყვნენ.
“უკრაინის მხრიდან ცალკე მოთხოვნა პარტნიორების მიმართ უპატივცემულობას არ ნიშნავს. უკრაინასაც უნდა გავუგოთ, რომ უმძიმეს ვითარებაშია და ქვეყანაში სისხლის მორევია დაყენებული აგრესორის მიერ. აქედან გამომდინარე, უკრაინის შიშები, რომ საქართველოსა და მოლდოვას ამ პირობებში შეიძლება, ჰქონდეთ უარყოფითი ფაქტორი საკითხის განხილვის სისწრაფეზე, საფუძვლიანი არ არის. ევროკავშირს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ შინაარსი მაინც ერთია და ეს ეხება უსაფრთხოების თემას და სამი მოკავშირე ქვეყნის გადარჩენის საკითხს, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
რა საკვირველია, ევროკავშირს ინტერესის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, რათა მოკავშირეები შეიფაროს იმ ფორმატში, რასაც ევროკავშირის რესურსი ჰქვია, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კრიზისულ ვითარებაში სოციალური მდგომარეობაა გადამწყვეტი მნიშვნელობის. ამ რეალობაში შეიძლება ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები გვქონდეს, მაგრამ ვალდებულებებზე უფრო მეტია ის მოკავშირეობა და პოლიტიკური პრაგმატიზმი, რაც ამ შემთხვევაში ევროპასაც უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საკითხზე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომაც. მისი პროგნოზით, ევროკავშირი პოზიტიურ, სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
“რაიმე რაციონალურის თქმა გამიჭირდება, რადგან ჩემში ემოციები ჭარბობს. უკრაინის ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოშია, მათ მიმართ ჰუმანიტარული თვალსაზრისით დახმარება იქნება. პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ვინც იმყოფება, მათთან კომუნიკაცია გვაქვს და საქართველოში მათი გადმოყვანა ჯერ ტექნიკური საკითხების გამო გართულებულია, თუმცა ამის მზადყოფნა გვაქვს და თუ აქ ჩამოვლენ, მაქსიმალურ მხარდაჭერას გავუწევთ.
ომი, რომელიც ახლა უკრაინაში მიდის, ბევრ რამეს შეცვლის მომავალში და უკვე ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება, რომელთაც ცალსახად განაცხადეს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის შეჩერება მათგან უფრო მეტად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, შეიძლება ის არ მომხდარიყო, რაც ახლა ხდება. ვითარება შეცვლილია და ვფიქრობ, ევროკავშირი პოზიტიურ და სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
7 მარტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დათანხმდნენ დაიწყოს ხანგრძლივი პროცესი, რომლის დროსაც შეისწავლიან უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მიმართვებს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და მიმდინარე ომის ფონზე. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის აღმასრულებელ ორგანოს, ევროპულ კომისიას სთხოვენ თავისი შეფასება წარმოადგინოს სამი ქვეყნის განაცხადებზე – იუწყებიან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის წარმომადგენლები.