„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ლიდერების მოთხოვნას – პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება.
ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან:
„არც ერთი ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულია, არ ემიჯნება არანაირ ქმედებას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, რის გამოც მათი ლიდერები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. სასამართლოში უფრო ნაკლები ფაქტია განხილული, ვიდრე დანაშაულია ჩადენილი. ამ თემას არავინ ემიჯნება, პირიქით, იჩემებენ, რომ ისინი მაშინ იყვნენ ლიდერები. გვახსოვს მათი განცხადებები არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი წევრებისაგან, არამედ ზურაბ ჯაფარიძისგანაც, რომ მათ მოსანანიებელიც არაფერი აქვთ, ეს ყველას აერთიანებს.
არის გარკვეული შეუთავსებლობა ერთმანეთთან, ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან და რასაკვირველია, ფინანსური რესურსების წყაროს თემაც გასარკვევია, ვინაიდან მთავარი დამფინანსებელი, როგორც თავად კეზერაშვილი აცხადებს, კონკრეტულ პიროვნებებს უჭერს მხარს.
რასაკვირველია, ეს დაპირისპირება გაგრძელდება, თუ თანამედროვე სტანდარტების დონეზე ჩატარდება ყრილობა და ახალი არჩევნები გაიმართება. იმედია, ნათელი იქნება სურათიც, ვინ დაიჭერს ლიდერის პოზიციას და ვის ერგება რეალურად ის ფინანსური რესურსი, რომელსაც კეზერაშვილი გამოყოფს ამ ბრძოლის გასაგრძელებლად, რასაც დესტრუქცია და დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანაგუნდელების ერთი ნაწილი ითხოვს, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.