თუ თავგადასავლებისა და სტრატეგიული გამოწვევების, ამასთან, თანამედროვე მოწყობილობების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თბილისში უმაღლესი სტანდარტის ვირტუალური რეალობის სივრცე – VR Arena გაიხსნა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპლექსი ყველა თაობის მოქალაქეს, ბიზნეს სექტორსა და ტურისტებს თემატურად გართობისთვის იწვევს.
VR Arena ექსკლუზიური და საავტორო თამაშების მრავალფეროვანი პროგრამით სრული დატვირთვით 4 ნოემბრიდან ამუშავდება.
ალექსანდრე წივწივაძე, VR Arena-ს დამფუძნებელი:
– საქართველოში VR Arena-ს გახსნის იდეა ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში Canton Fair-ზე დასწრების შემდეგ დამებადა. გამოფენაზე წავაწყდი პავილიონს, სადაც ვირტუალური თამაშების პროექტები იყო წარმოდგენილი. დავუკავშირდი კომპანიის მესვეურებს და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ვიყიდეთ საერთაშორისო ფრენჩიზა. ეს პროექტი განხორციელებულია მსოფლიოს 18 ქვეყანაში (იტალია, თურქეთი, არგენტინა ტაილანდი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ა.შ.), წარმატებით ფუნქციონირებს და მზარდია.
– რა ტიპისაა თბილისში თქვენ მიერ გახსნილი ვირტუალური თამაშების სივრცე?
– VR Arena რამდენიმე ზონად არის დაყოფილი, პირველი ორი უკვე ფუნქციონირებს, მესამე კი სადღაც ორ თვეში დაგვემატება. პირველი ზონა 300 კვ.მ-დეა, არის გაშლილი სივრცე, სადაც მოთამაშეები იყოფიან 2 გუნდად (მაქსიმუმ 5-5 წევრით) და ერთმანეთს ექსკლუზიურ თამაშებში უპირისპირდებიან. ამ თამაშებს არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა. სტუმრებს 8 წლის ასაკიდან ვიღებთ. ჩაფხუტით 10 წუთიანი ტრენინგის შემდეგ თამაშის მონაწილეები სათამაშო მოედანს იკავებენ.
გიორგი ჯიოშვილი, VR Arena-ს დირექტორი:
– VR Arena მდებარეობს გლდანში, გლდანი მოლის მახლობლად, ილია ვეკუას ქუჩის 22 ნომერში. ვმუშაობთ ყოველდღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე. ვირტუალური თამაშების მოყვარულები ერთ დღით ადრე მაინც უნდა დაგვიკავშირდნენ სივრცის დასაჯავშნად, რაც შესაძლებელია როგორც ჩვენი ვებგვერდიდან, ისე ტელეფონზე დარეკვით (+995 599 003 323). ვემსახურებით ტურისტებსაც, ჩვენი პერსონალი ძირითად საერთაშორისო ენებზე საუბრობს. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურენტებთან შედარებით, VR Arena მომხმარებელს ბევრად ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს. დავძენ იმასაც, რომ ჩვენთან დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დაბადების დღის და კორპორაციული წვეულებების გამართვა შესაბამისი თემატური პროგრამით. ხაზგასასმელია ისიც, რომ VR Arena-ს გახსნამდე დეტალურად შევისწავლეთ ის ტექნოლოგია რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, რათა ის ყველასთვის მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო.
– ალექსანდრე, რა ხანგრძლივობისაა ერთი თამაში და იმ ტურნირების შესახებაც მოგვიყევით, რომლებსაც ვირტუალური თამაშების მოყვარულებისთვის ჩაატარებთ.
– ჩვენთან მინიმალური სათამაშო დრო ნახევარი საათი გახლავთ. ვფიქრობ, თამაშისთვის 1 საათი სავსებით საკმარისია, რადგან ის ფიზიკური აქტივობითაა დატვირთული, თუმცა მისთვის სასურველ დროს მომხმარებელი ირჩევს. რაც შეეხება ტურნირებს, ნოემბრის ბოლოდან ჯერ დავიწყებთ ადგილობრივი ტურნირის ორგანიზებას, გამოცხადდება გუნდების რეგისტრაცია, შეიქმნება ბადე, რომლის მიხედვითაც ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან წლის ლიდერის გამოვლენამდე. ასევე, ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით, წლის გამარჯვებულს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობასაც მივცემთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ტურნირში ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან, რადგან გარდა იმისა, რომ ეს თამაშები საინტერესო და აზარტულია, ისინი სპორტულ აქტივობასაც წარმოადგენენ. სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ კომპიუტერული თამაშები სკამს აჯაჭვავს ადამიანს, მას წელში ხრის და ა.შ. ვირტუალური თამაშებით სრულად იმსხვრევა, თამაშებმა დიდი რეფორმა განიცადეს და ეს პროგრესი შეუჩერებელი იქნება.