16 იანვარს სოციალურ ქსელ ფეისბუკში მაიმუნების ფოტოები გავრცელდა.
როგორც ფეისბუკსტატუსის ავტორი აღნიშნავს, მაიმუნები ჭიათურაში, ღია სივრცეში, სიცივეში მცირე ზომის ვოლიერში ჰყავთ განთავსებული.
„მოკლედ ასეთი ამბავია, გადაწყვიტეს ჭიათურაში (!) ჩაეყვანათ მაიმუნები, ჩაესვათ უპატარავეს გალიებში ტბასთან, ჰყოლოდათ გარეთ მინუს გრადუსში და გაეყინათ. თურმე ერთმანეთს ასე ეკრობიან და კანკალებენ. რავი, გვაკლია ნეგატივი ამ ქვეყანაში? მაიმუნების ტანჯვას რატომ გვაყურებინებენ“ – წერს სტატუსის ავტორი.
გავრცელებულ ფოტოებს და ინფორმაციას გუშინ ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი.
როგორც მარიკა ხვედელიძე წერს, მაიმუნები შესაბამის პირობებში იმყოფებიან და მათი სამყოფელიც ნორმის ფარგლებში თბება:
„სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება.
გამოგონილი ამბავი იმის შესახებ, რომ გედების ტბასთან დაბინავებული მაიმუნები „უპატარავეს გალიებში, მინუს გრადუსში იყინებიან“, აბსოლუტური სიცრუეა და საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან.
რეალობა კი ასეთია – ისინი იმყოფებიან შესაბამის პირობებში და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ხდება მათი მოვლა, იზოლირებული არიან ენოტებისგან, მათი სამყოფელი თბება ნორმის ფარგლებში.
ჩვენს მინი-ზოოპარკში დაბინავებულ ყველა ცხოველს და ფრინველს მეთვალყურეობას უწევს სპეციალისტი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ხდება მსგავსი აბსურდული თემების წამოწევა, თუმცა სიმართლე მალევე ირკვევა, რადგან ჩვენ საქმეს არ ვაკეთებთ ფასადურად, ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, ჩვენ ვშრომობთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამის გადაფარვა სიცრუით შეუძლებელია“, – წერს მარიკა ხვედელიძე სოციალურ ქსელში.