LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა წარადგინა კონკრეტული მოქალაქეების სიები, რომელთა საქართველოში ყოფნასაც არასასურველად თვლის“ – საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი არ შემოუშვეს

119
ანდრეი დავიდოვი

თბილისში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი არ შემოუშვეს – ანდრეი დავიდოვი რამდენიმე დღის წინ უკან გააბრუნეს, ისე რომ მისთვის ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი არ განუმარტავთ.

რუსი ოპოზიციონერი მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ვარაუდობს, საქართველოს რუსეთმა მისთვის არასასურველი მოქალაქეების სია გადასცა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა მისცენ.

მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება „საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა წარადგინა კონკრეტული მოქალაქეების სიები, რომელთა საქართველოში ყოფნასაც არასასურველად თვლის და მათ მიღებას, არამეგობრულად“, – წერს ოპოზიციონერი „ტვიტერზე“ და ფაქტის ამსახველ შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

ამავე თემაზე დღეს კომენტარი ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილი სთხოვეს, რაზედაც მან უპასუხა, რომ არ აინტერესებს, რას ამბობს რუსი ოპოზიციონერი ანდრეი დავიდოვი საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით.

მან ჟურნალისტს „ურჩია“, იკითხოს, ხომ არ ირღვეოდა დავიდოვის შემოშვებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

„ნაკლებად მაინტერესებს ამ ადამიანის აზრი და მე მგონი, თქვენც ნაკლებად უნდა გაინტერესებდეთ, რომელიც არ შემოუშვეს, იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები არის.

მეც და თქვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ და პირველ რიგში, უნდა გვაინტერესებდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მე მგონია, რომ ასე ვფიქრობთ ორივე და თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ბუნებრივია, თქვენი კითხვა უნდა იყოს ის, რომ ხომ არ ირღვეოდა მართლა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g