დედაქალაქში ტურისტის დაჭრის ფაქტმა უარყოფითი გავლენა სექტორზე უკვე იქონია და ამ სფეროს წარმომადგენლები გაუქმებულ ჯავშნებზე ალაპარაკდნენ.
„წამოვიდა ჯავშნების გაუქმებები. აბა ოლიგარქის რუსულ ბოსელში რომელი ნორმალური ადამიანი ჩამოვა“, – წერს სოციალურ ქსელში კომპანია „ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.
მისივე თქმით, 5 ივლისის უკონტროლო და ძალადობრივ ქმედებებს ტურიზმთან ერთად, უარყოფითი ეფექტი ექნება უცხოურ ინვესტიციებზეც. „საერთაშორისო მედიას რომ გადაავლოთ თვალი, აჭრელებულია იმ ინფორმაციით, რაც ასახავს იმას, თუ რა მოხდა საქართველოში. ეს ვერსად ვერ მიგვიყვანს და ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამას ადეკვატური ასახვა ექნება ქვეყანაზე. არ ვგულისხმობ, მხოლოდ ტურიზმს, ვსაუბრობ, ქვეყნის პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და ასევე საქმიან ტურიზმზე” – აცხადებს “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქე, უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს.