შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც პროფესორი ზაალ კოკაია, პროფესორი ოლე ლინდვოლი და ნევროლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი სარა პალმა-ტორტოსა შედიან, სამედიცინო საზოგადოებას წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ ამცნო.
მეცნიერებმა ვირთხის ტვინში, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, ადამიანის კანის უჯრედების რეპროგრამირების შედეგად მიღებული ნეირონები გადანერგეს.
,,ტრანსპლანტაციიდან ექვსი თვის შემდეგ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ გადანერგილი ნეირონები სრულად ინტეგრირდა ტვინის ქერქის დაზიანებულ ქსოვილში, რამაც მღრღნელის მოტორული ფუნქციები თითქმის სრულად აღადგინა”, – განაცხადა ქართველმა პროფესორმა.
კოკაიას და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ სტატია ცნობილ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში, PNAS-ში გამოქვეყნდა.
ზაალ კოკაიას თქმით, ექსპერიმენტის განმავლობაში მკვლევარები ელექტრონული მიკროსკოპიის და მუდმივი მონიტორინგის ტექნიკების გამოყენებით ადევნებდნენ თვალს გადანერგილი უჯრედების ინტეგრირების და განვითარების პროცესს. აღმოჩნდა, რომ გადანერგილმა უჯრედებმა ბოლომდე აღადგინეს დაზიანებული ქსოვილი და დაიწყეს ზრდა ტვინის მეორე ნახევარზეც, სადაც ისინი არ ჩაუნერგავთ. შემდეგ კი დაიწყეს ერთმანეთთან კავშირის დამყარება, რამაც საფუძველი დაუდო მოტორული და მგრძნობელობითი ფუნქციების აღდგენას. პროფესორ კოკაიას თქმით მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი კოლეგები მრავალი წელია ადამიანის ტვინს შეისწავლიან, შედეგები მათთვის მაინც მოულოდნელი იყო.
ის ფაქტი, რომ ადამიანის ღეროვანი და რეპროგრამებული უჯრედებიდან მიღებული ნეირონების გადანერგვა მღრღნელებში შესაძლებელია, სამედიცინო საზოგადოებამ აქამდეც იცოდა, თუმცა არ იყო ცნობილი შეეძლოთ თუ არა გადანერგილ უჯრედებს ტვინში ახალი კავშირების დამყარება და ამ გზით ორგანიზმის ნორმალური მოტორული და მგრძნობელობითი ფუნქციების აღდგენა.
„ჩვენი მიზანია გავიგოთ, როგორ გავლენას ახდენს ერთ ნახევარსფეროში გადანერგილი უჯრედები ტვინის მეორე ნახევარსფეროზე. ასევე გვსურს დავაკვირდეთ გადანერგვა როგორ მოქმედებს ინტელექტუალურ ფუნქციებზე, მაგალითად მეხსიერებაზე. რასაკვირველია უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ყველა შესაძლო გვერდით ეფექტსაც შევისწავლით“, — აცხადებს ზაალ კოკაია.
პროფესორი ზაალ კოკაია – შვედეთის ქალაქ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი (2011 – )
ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი
ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი