LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წარმოადგენს თუ არა ღვიძლის პრობლემები რისკფაქტორს კოვიდ 19-ის დროს” – ეკატერინე დოლმაზაშვილი გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

7956
93782001-544028929866661-3075574755806412800-n

პრეპარატები Covid-19-ის წინააღმდეგ, ამ თემაზე ინფექციონისტმა ეკატერინე დოლმაზაშვილმა გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ისაუბრა.

– მოგესალმებით ეკა, პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დრო დაგვითმეთ. დღესდღეობით ძალიან აქტუალური საკითხია მედიკამენტები, რომლებსაც Covid-19-ის სამკურნალოდ იყენებენ. რა უნდა ვიცოდეთ იმ პრეპარატებზე, რომლებსაც ვიყენებთ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოშიც? ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება ვრცელდება როგორც იმ პრეპარატებზე, რომლებსაც საქართველოში იყენებენ, ასევე იმ მასშტაბურ კვლევებზე, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. რა დგომარეობაა ამ კუთხით დღესდღეობით და რა ხელმოსაჭიდი გვაქვს ამ მომენტისთვის?

პირველ რიგში ამ პაციენტებთან გამოიყენება ზოგადი, დამხმარე, სიმპტომური საშუალებები, რასაც ისედაც მივმართავთ ხოლმე რესპირაციული ინფექციების ან გაციების დროს. რაც შეეხება უშუალოდ Covid-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტს, დღესდღეობით ასეთი პრეპარატი ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. თუმცა როგორც ახსენეთ, არსებობს ათზე მეტი პრეპარატი, რომელთა ამ დაავადების საწინააღმდეგო ეფექტურობაზე უკვე არსებობს პირველადი მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას, ამცირებენ სიკვდილიანობას. დღეს გრძელდება ამ პრეპარატების შეფასება და კლინიკური შესწავლა და პაციენტებიც შესაბამისად იღებენ ამ მედიკამენტებს. ეს პრეპარატები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: ესენია ანტივირუსული და იმუნურ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები. ისინი გამოიყენება დაავადების საშუალო სიმძიმის, მძიმე და ძალიან მძიმე მიმდინარეობის დროს. როგორც ვთქვით, არცერთი მათგანი ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტად ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა თითქმის ყველა მათგანი, ფაქტიურად ერთის გარდა ყველა უკვე მრავალი წელია სხვა დაავადებების სამკურნალოდ დამტკიცებულია. ესენია პარაზიტული, ბაქტერიული ინფექციები, სხვა ვირუსული ინფექციები და ა.შ რაკი ეს მედიკამენტები დამტკიცებულია სხვა დაავადებების სამკურნალოდ, შესაბამისად ისინი გაყიდვაშია. თუმცა ყველა მათგანს აქვს წინააღმდეგჩვენებები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მდგომარეობებში მათი გამოყენება არ შეიძლება. ამ მედიკამენტებს აქვთ ასევე გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა იმდენად მძიმე და სერიოზული აღმოჩნდეს, რომ საჭირო გახდეს წამლის მოხსნა ან მისი დოზის შემცირება. ბევრი ადამიანი ისედაც იღებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამო რაიმე მედიკამენტს, რომლებთან ერთადაც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს პრეპარატები ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, მხოლოდ დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში და მათი თვითნებურად, პროფილაქტიკის მიზნით მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.

რაც შეეხება მიმდინარე კვლევებს, მათ შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, მთავარია რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, შედეგები დამაიმედებელია და ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ რა შედეგები დაიდება საბოლოოდ.

– ეკა, მინდა გკითხოთ ვირუსული ჰეპატიტების შესახებაც. ამ მიმართულებით თქვენ აქტიურად მუშაობთ და საინტერესოა რას გვეტყვით, წარმოადგენენ თუ არა Covid-19-ის შემთხვევაში ვირუსული ჰეპატიტები იმ დამატებით რისკ-ფაქტორს, რომლის შესახებაც ექიმები და ინფექციონისტები ხშირად საუბრობენ? ჩვენ ხშირად გვესმის, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა ძალიან ხშირად მძიმდება მაშინ, როდესაც ქრონიკული დაავადებებია სახეზე. მათ შორის ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლო რისკ-ფაქტორი ვირუსული ჰეპატიტებიც.

დავიწყებ იმით, რომ ზოგადად ახალი კორონავირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების მატება. მაგალითად არსებობს მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ სტაციონარში ამ დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებში, დაალოებით მათ 15-50%-ში დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციური სინჯების მატება. რატომ ხდება ეს? ზოგადად ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსი უჯრედში შესაჭრელად იყენებს რეცეპტორს და ეს რეცეპტორი გვხვდება ღვიძლშიც. შესაბამისად შესაძლებელია, რომ ღვიძლი ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდეს ამ ვირუსისათვის და ფუნქციური სინჯების დარღვევა ამ პაციენტებში იყოს ვირუსის მოქმედების შედეგი. თუმცა, ისიც შეიძლება რომ ეს იყოს ვირუსზე იმუნური სისტემის ძლიერი პასუხის შედეგი, ან იმ მედიკამენტების ჰეპატოტოქსიურობის შედეგი, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ Covid-19-ის წინააღმდეგ. ზოგადად ეს დარღვევები გარდამავალი, ზომიერი ხასიათისაა, არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას და მძიმე, მწვავე ჰეპატიტის განვითარების შემთხვევები ძალიან იშვიათია, თუმცა ჩნდება კითხვა: თუკი ეს ისედაც დამახასიათებელია ახალი კორონავირუსისათვის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ხომ არ იმყოფებიან რისკის ქვეშ? ამის შესახებ დღეს ზოგადად ძალიან მწირი ინფორმაციაა, მაგალითად, გვაქვს მხოლოდ ჩინეთში ჩატარებული ერთი კვლევა, რომლის თანახმადაც Covid-19-ის გამოსავალზე გავლენას არ ახდენდა ქრონიკული B ჰეპატიტი. ზოგადად როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე, ალბათ უნდა გამოვყოთ ორი სახის რისკი: ინფიცირების მაღალი რისკი და დაავადების მძიმე მიმდინარეობის განვითარების რისკი. დღეს არსებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ ქრონიკული B და C ჰეპატიტებით, ასევე ღვიძლის სხვა ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები იმყოფებიან კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშ. საუბარია ქრონიკულ, მაგრამ სტაბილურ დაავადებებზე. რაც შეეხებათ პაციენტებს ღვიძლის მძიმე დაზიანებით, ღვიძლგადანერგილ პაციენტებს, ასევე ღვიძლის ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ იღებენ იმუნოსუპრესანტებს, ისინი შესაძლოა იმყოფებოდნენ ინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშ.

ეს რაც შეეხება ინფიცირების რისკს. რაც შეეხება დაავადების მძიმე მიმდინარეობის განვითარების რისკს, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, ასაკი და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ერთად მოიაზრება რისკ-ჯგუფად და ამ ჩამონათვალში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით მოიაზრება ღვიძლის ქრონიკული დაავადებებიც. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვინ მოიაზრება ამ ჯგუფში, ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტი თუ ღვიძლის კონკრეტული დაზიანების სიმძიმის მქონე პაციენტები. დღეს უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ შემთხვევაშიც რისკ ჯგუფი იგივეა – ღვიძლგადანერგილი პაციენტები, პაციენტები ღვიძლის ციროზით და ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომელთა სამართავადაც გამოიყენება იმუნოსუპრესანტები -იმუნიტეტის დასათრგუნი მედიკამენტები. ეს პაციენტები შესაძლოა იმყოფებოდნენ კორონავირუსის მიმდინარეობის დამძიმების გაზრდილი რისკის ქვეშ. თუმცა ეს გაზრდილი რისკი რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აუცილებლად ინფიცირდებიან ან ინფიცირების შემთხვევაში დაავადება მძიმედ განვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ის რეკომენდაციები, რაც ყველასთვის არის გაცემული, კიდევ უფრო მკაცრად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები