LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Welcome to Georgia! – შედეგები და სიახლეები

534
მაია სიდამონიძე

რამდენიმე დღის წინ Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეცხრე ცერემონია გაიმართა.

Welcome to Georgia! მასშტაბური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ლიდერების გამაერთიანებელ ბიზნეს პლატფორმას წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“, რომელიც Welcome to Georgia!-ს მთავარი მედია პარტნიორი იყო.

მაია სიდამონიძე, Welcome to Georgia!-ს ახალი ხელმძღვანელი:

– Welcome to Georgia!, რომელიც მარინა ჩაიკამ დააფუძნა, წლების განმავლობაში ქართული ტურისტული ბიზნესისთვის, ერთი მხრივ, წამახალისებელი და ერთადერთი წამახალისებელი პლატფორმა იყო, მეორე მხრივ კი, სფეროს წარმომადგენლების გამაერთიანებელი. როდესაც მარინამ ამ ყველაფრის გადმობარება შემომთავაზა, დავინტერესდი, რადგან პლატფორმაში უდიდეს პოტენციალს ვხედავ – ერთჯერადი ღონისძიების გარდა, მას, სამომავლოდ, შეუძლია ჰქონდეს ბევრი ისეთი პროდუქტი და სერვისი, რაც ინდუსტრიის განვითარებას მოემსახურება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ის უნდა იქცეს ისეთ სივრცედ, სადაც ხშირად შევძლებთ ერთმანეთთან შეხვედრას, კონკრეტულ პრობლემებზე საუბარს, საგანმანათლებლო და სხვადასხვა ტიპის ტრენინგების დანერგვას და ერთობლივი ძალებით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოპულარიზაციას.

– წელს გამარჯვებულები, 24 ნომინაციაში, ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 200-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდა. იყვნენ თუ არა მათ შორის ისეთი კომპანიები და პირები, რომლებიც ასპარეზზე პირველად გამოჩნდნენ, თუ მაინც დიდი გამოცდილების მქონეებს მიენიჭათ უპირატესობა?

– წლების განმავლობაში ნომინაციები საკმაოდ დივერსიფიცირებული გახდა, ისინი მოიცავს ტურიზმის აბსოლუტურად ყველა სექტორს – დაწყებული სასტუმრო ბიზნესით, დამთავრებული ავიაკომპანიებით და თუნდაც მოგზაური ჟურნალისტებით. აქედან გამომდინარე, წელს, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ საინტერესო ნომინაციები იყო და ბევრ ბიზნესს მიეცა მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ წინა წლებში იყო ტენდენცია, რომ მხოლოდ გამოცდილი კომპანიები მონაწილეობდნენ და იღებდნენ ჯილდოებს, წელს გამარჯვებულები ახალბედებს შორისაც გამოვლინდნენ.

– Welcome to Georgia!, კომპანიებისა თუ ცალკეული პირების დაფასებასთან და ახალი სახეების აღმოჩენასთან ერთად, ზოგადი სურათის დანახვის საშუალებასაც გვაძლევს, შესაბამისად, წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება შევაფასოთ ტურისტულ სექტორში დღეს არსებული ვითარება და სფეროს განვითარების პერსპექტივა?

– ზოგადად, ბოლო წლები ტურბულენტურია არა მხოლოდ ტურიზმის სფეროსთვის, ქვეყნისთვისაც, მაგრამ ტურიზმის სექტორი პირველი იღებს ხოლმე დარტყმებს, ამიტომ, ფაქტობრივად, კოვიდპანდემიიდან დაწყებული, სფერომ ვერ ამოისუნთქა იმ დონეზე, რომ ბიზნესი იყოს შემოსავლიანი. არის პერიოდები, როცა კომპანიები გაჯანსაღების და რეაბილიტაციის გზაზე დგებიან, თუმცა შემდეგ ისეთი პროცესები ვითარდება, რის გამოც უკან უწევთ ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, წლევანდელი ტურისტული სეზონიც ასეა, აპრილ-მაისიდან მოლოდინები საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, არასასურველი პროცესები განვითარდა ამ სექტორშიც. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მე პირადად, როცა ეს პროექტი გადმოვიბარე, მქონდა გარკვეული კითხვის ნიშნები, ასეთ ვითარებაში რამდენად ღირდა პროექტის გაგრძელება, მაგრამ ახლა უკვე მეტი მოტივაცია მაქვს, დღეს ასეთი ტიპის პლატფორმები უფრო საჭიროა. სამომავლოდ, მე პირადად განვახორციელებ ისეთ პროექტებს, ასეთი ტიპის დარტყმებს ნაკლებად სენსიტიურად რომ შევხვდეთ და შევხვდეთ, რაც მთავარია, გაერთიანებული ძალებით.

– Welcome to Georgia! არის ერთგვარი „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო მეტად წახალისდნენ ტურიზმის სექტორში ჩართული კომპანიები და პირები, პროცესებისთვის თვალის უფრო გულმოდგინედ მიდევნებასთან ერთად, ალბათ, მასშტაბის ზრდაცაა საჭირო. ამ მხრივ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალ დაჯილდოებაზე?

– გეგმები მართლაც დიდია ნომინაციებთან, შეფასების მეთოდოლოგიასთან, ჟიურისთან მიმართებით. კერძოდ, ნომინაციებში წარდგენილები თავდაპირველად ქართველი პროფესიონალების, მეორე ეტაპზე კი უცხოელების მიერ შეფასდებიან – გარკვეულ ობიექტებზე ანონიმური სტუმრობა დაიგეგმება. შეფასების პროცესი, ცხადია, უფრო რთულდება, მაგრამ, ამავდროულად, უფრო ობიექტური და სანდო ხდება. გარდა ამისა, გვინდა, რომ პლატფორმას სიახლე შევმატოთ ახალგაზრდა შეფმზარეულების კონკურსის სახითაც, ეს ერთგვარი წახალისება იქნება იმ პროფესიის, რომელიც ასე საჭირო და განვითარებადია ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ვფიქრობ, რომ პლატფორმა გახდეს საკლუბო-საწევრო ტიპის ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალს ჩაატარებს წელიწადში ერთხელ, არამედ კვარტალურად იქნება შეხვედრები სპიკერების მოპატიჟებით, იმ ღონისძიებების დაგეგმვით, რომლებიც სფეროს განვითარებას მოემსახურება და იმ ცოდნის შეძენას, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები