ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ბელა მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ემიგრანტის რთულ გზას აღწერს.
როგორც მაღლაფერიძე ამბობს დღეს 6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი თქმით, არასდროს უფიქრია ემიგრაციაზე იმ დრომდე, ვიდრე სამსახურის გარეშე არ დარჩა.
ემიგრანტი ემოციურად აღწერს იმ გზას, რაც ამ 6 წლის მანძილზე ამერიკაში გაიარა და ამბობს, რომ მისი მთავარ წარმატება ის არის, რომ შვილი გვერდით ჰყავს. დიდი სირთულეების მიუხედავად ბელა მაღლაფერიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოვა.
მისი თქმით „ძალიან კარგი 6 წელი იყო, იმედით, იმედგაცრუებით, სიცილით, ტირილით, სევდით და სიხარულით სავსე“. ვრცელი სტატუსის ბოლოს ქართველი ემიგრანტი დაკავებულ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს:
„6 წელი შესრულდა დღეს, რაც ამერიკაში გადმოვბარგდი, ამ ვაჟბატონის პრეზიდენტობის პირველი ვადა იყო. არასდროს მიფიქრია ემიგრაციაზე იქამდე, ვიდრე საქართველოს 600 000 მოქალაქე ახალ 2019 წელს ვალისა და „შავი სიის” გარეშე, ხოლო მე სამსახურის გარეშე არ შევხვდი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ეკონომიკური რეგულაციების ფონზე ჩემი განყოფილება ფაქტობრივად უფუნქციო იყო, ხელფასს მაინც მიხდიდნენ, მაგრამ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი კომპანიის დირექტორთან, სანდრო ლომაძესთან, რომლის ხელშიც ჩამოვყალიბდი ჟურნალისტიდან ულამასეს ფინანსისტამდე.
აშშ ვიზა მქონდა, ვიფიქრე ჩავალ და ჩავხედავ ამ დალოცვილ ქვეყანას, სამსახურის პარალელურად ბიზნესიც მქონდა, ჩემი პატარა საცხოBela. მეთქი ჩავალ და ბრაიტონზე გამოვაცხობ ჭახრაკინებს და აქ რომ სამ ლარად ვყიდი, იქ რომ სამ დოლარად გავყიდო, მილიონერი გავხდები მეთქი.
ჩამოვედი
ჩემთვის უცხო სიტყვები, სოუშელი, კრედიტ სქორი, პერმიტი და ძალლლლიან ბევრი ფული გინდა აქ რო საცხობი გახსნაო, დაახლოებით ნახევარი მილიონიო, მე მქონდა ათას ხუთასი დოლარი და ნატახტრის სახლის დაგირავების პერსპექტივა, რაზეც კულტურული უარი მივიღე, ხალხი მანდ სახლების საყიდლად მიდის და თავი ხო არაფერს მიარტყი, რა სახლი უნდა გაყიდოო. კიდევ კარგი!
წელი და ხერხემალი სულ მტკიოდა, მეგონა ფული თავისით იკრიფებოდა აქა, ამიტომ 1 თვე თამარასთან ვიცხოვრე და აი მაგ ერთ თვეში რაც დავათვალიერე, იმის მერე აღარც მღირსებია ნიუ-ორკში წანწალი.
ფული შემომაკლდა, აფთაუნიდან ბრუკლინში გადმოვედი, $450-ად ოთახში ადგილი ვიქირავე, ერთი ქართველი ქალბატონი საქართველოში მიდიოდა, თავისი ღამის ქეისი და HHA მათხოვა, სხვა სახელი დამარქვა და პირველი პამპერსიც გადავკეცე კოხტად.
ქეისი რომ დამთავრდა, გიორგიმ არიქა კაფეში ბარისტა უნდათო, წავედი, თავი შევაყვარე ხალხს და 1 წელი ღამის ცვლაში გავიცანი თუ ვინმე ტაქსისტი, ბოზი და ყომარბაზი იყო ბრუკლინში. ალკოჰოლის ლაისენსი გვქონდა ბარში, ძაან კაი კოქტეილებს ვაკეთებდი და უამრავ სევდიან ისტორიას ვისმენდი კლიენტებისგან, დილას ერთ ტეკილას გადავკრავდი და მივდიოდი დასალაგებლად ებრაელებთან დღის 12-1 საათამდე, მერე სახლში ვბრუნდებოდი და ღამის 10-მდე მეძინა, 11-ზე ცვლას ვიწყებდი და აესე 2020 წლამდე.
კორონამ მაგრად დამაგდო, ბარი დაიკეტა და მანჰეტენზე დავიწყე მზარეულად მუშაობა ოჯახში, კვირაში ორჯერ-სამჯერ, საათში $25-ად, მერე ეგ ოჯახი ფლორიდაში გაფრინდა მაგრამ… ხელფასს მიხდიდა მაინც
მერე კვირაში 4 დღე იანკერსში ვმუშაობდი, პადრაბოტკებზე დავდიოდი, მერე კონექტიკუტში წავედი.
დოროთიმ მითხრა აქ იცხოვრე და სამსახურში აქედან იარეო. მიყვარს სალომე კოლმენი რო ორივეს გვივლიდა, ამაზონზეც ვცადე, მაგრამ ხერხემლის გამო ვერ ვიმუშავე, დორდაშზე დავიკარგე სადღაც სტემფორდში, მერე მერილინი ვიპოვე და ფლორიდაში წავედით, სამი აი ძააან მაგარი თვე გავატარეთ ფორტ-ლოდერდეილში. ჩამოვედით და მერილინი გარდაიცვალა, წავედი პარალეგალის კურსებზე და აგერ უკვე მესამე წელია იურიდიულ ოფისში ვმუშაობ.
როდის ვბრუნდები?
არ ვიცი.
საქართველოში რამდენი სახლი ვიყიდე ამ 6 წელში?
არცერთი
რას ვთვლი მთავარ წარმატებად?
ანანო რომ ჩემთანაა.
რა მინდა ყველაზე მეტად?
ნანუკა მინდა აქ, solebury-ს ბორდინგ სქულში.
რას ვაპირებ?
2-3 წელში კერძო ბიზნესში გადაბარგებას.
გრინ ქარდი მაქვს?
არა, არ მაქვს, ამათი საიმიგრაციო პოლიტიკა რო მ$&ან
ძალიან კარგი 6 წელი იყო, იმედით, იმედგაცრუებით, სიცილით, ტირილით, სევდით და სიხარულით სავსე.
გათხოვებაც მოვასწარი და დაქვრივებაც, ვერტმფრენითაც ვიფრინე, ლუიზიანაში მაგრად დავთვერი, ჰოლივუდში ვარსკვლავების ბულვარზეც ვიარე, სიეტლში ვიყავი გემით, ნიაგარაზე გავიწუწე, იელის, პრინსტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტები მოვინახულე, ნორს კაროლაინაში ძალიან ბინძურ სასტუმროში ღამეც გავათენე, საუზ კაროლაინაში გოლფი ვითამაშე, ვირჯინიაში კონტრაბანდული სიგარეტებიც ვიყიდე, ვერმონტში შემოდგომას ვერ ჩავუსწარი, ლას-ვეგასში ტიტველი მამაკაზების შოუზე ვიყავი, კანზას სიტიში უბერის მძღოლს დავცხე, ტეხასში სტეიკები ვჭამე, ლოს-ანჯელესში სომხები ჩავიბრატე, ნიუ-მექსიკოში ორ ლარად ვისაუზმე ყველაზე მაგარ რესტორანში, ვიყავი სილიკონის ველზე გუგლში, მეტაში, HP-ში, ახალ წელს დისნეი-ლენდში შევხვდი, დღეში სამ შტატს გავდივარ სამსახურში მისასვლელად.
ყველაფერი გამოვა, აი ყველაფერი!
თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს!“ – წერს ბელა მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
6 წელი შესრულდა დღეს, რაც ამერიკაში გადმოვბარგდი, ამ ვაჟბატონის პრეზიდენტობის პირველი ვადა იყო. არასდროს მიფიქრია…
Posted by Bela Maglaferidze on სამშაბათი, 11 თებერვალი, 2025