მთავარი პოლიტიკა და სტრატეგიაა მდგრადი ტურიზმის განვითარება და აჭარის რეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად მიმდინარეობს ერთი მხრივ, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და რეგიონში სერვისების ამაღლების ღონისძიებები და მეორე მხრივ, იგეგმება და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა ყველა მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა და 2022 წლის I კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები უკვე აღდგენილია 51% – ით 2019 წელთან შედარებით.
,,აქტიურად ხდება ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. აჭარაში პირველი კვარტალის მონაცემით, აეროპორტში ფიქსირდება +30% მატება 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 300-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდება, 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 12 ქვეყნიდან. წელს რეგიონში შემოვიდა 5 ახალი ავიაკომპანია : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways.
წელს პირველად რიგადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა. ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები ბათუმი-დუბაისა და საუდის-არაბეთის მიმართულებით, განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც.
აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. რეგიონს დაემატა 100- ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი. აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.