“ბლუმბერგი” წერს, რომ 2019 წლის 13 ივნისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პირველ იანვარს, საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქის ქონება 5 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.
ამ მონაცემებით, “ბლუმბერგის” მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ივანიშვილი 352-ე ადგილს იკავებს.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.
“ივანიშვილმა ქონება პოსტ-საბჭოთა რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში რკინის მადნეულისa და ფოლადის წარმოებით, ბანკებითა და უძრავი ქონებით. აქტივების უმრავლესობა მან 2003-დან 2006 წლამდე გაყიდა, დანარჩენი კი სანამ 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩევდნენ. ერთი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა”, – წერია ივანიშვილის მოკლე აღწერაში.
ბოლო ექვს წელიწადში ივანიშვილის ქონებას “ბლუმბერგი” ყველაზე ძვირად 2013 წლის ივლის-აგვისტოში აფასებდა 6.4 მილიარდ აშშ დოლარად. 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ წერტილს კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ქონებამ 2018 წლის მიწურულს მიაღწია – 4.94 მილიარდი აშშ დოლარით.
“ბლუმბერგის” გათვლით, ივანიშვილს თავისი ქონებით 3.9 მილიონი უნცია ოქროს ან 85.7 მილიონი ბარელი ნავთობის ყიდვა შეუძლია.