LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წელს ფესტივალმა აქცენტი ბერძნულ თეატრზე გააკეთა, ამიტომ მისი გახსნაც ცნობილ რეჟისორს თეოდორ ტერზოპულოსს ჩავაბარეთ” – თამრი ბზიავა და სოფო ქორიძე ფესტივალის „საჩუქარი“ დეტალებით „არტ-FM“-ში

24
თამრი-ბზიავა,-სოფო-ქორიძე

11 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქრის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ონლაინ-ტელევიზიის Gift TV-ის დამფუძნებელი, მსახიობი თამრი ბზიავა და ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი, მხატვარი სოფო ქორიძე სტუმრობდნენ, რომელთაც ფესტივალის 25-ე საიუბილეო სეზონზე ისაუბრეს.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 25-ე საიუბილეო სეზონს მართავს

– თამრი, წელს ფესტივალი 15 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. როგორ ემზადებით საიუბილეო წლისთვის და რა პროგრამას შესთავაზებთ ხელოვნების მოყვარულებს?

– პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო და აღვნიშნო, რომ ფესტივალის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი თანაუგრძნობს უკრაინელებს და განიცდის მათ მდგომარეობას. თუმცა გლობალური პრობლემები არა ომით, არამედ პანდემიით დაიწყო, რამაც ფესტივალის ორი წლით გაჩერება გვაიძულა, წელს კი, მიუხედავად მწირი დაფინანსებისა მაინც გადავწყვიტეთ განახლება. მართალია, ბევრად მასშტაბურ პროგრამას ვამზადებდით მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, მაგრამ სწორედ შეზღუდულმა ბიუჯეტმა შეგვიშალა ხელი გეგმების განხორციელებაში. წელს ფესტივალმა აქცენტი ბერძნულ თეატრზე გააკეთა, ამიტომ მისი გახსნაც ცნობილ რეჟისორს თეოდორ ტერზოპულოსს ჩავაბარეთ, რომელიც მაყურებელს საკუთარ დადგმას „ალარმეს“ შესთავაზებს. აუცილებლად გვეწვევა მწერალი, ნაწარმოების „კვდები, როგორც ქვეყანა“ ავტორი დიმიტრი დიმიტრიადისიც, რომელიც მასტერკლასებს გამართავს სამსახიობო ხელოვნების შესწავლის მსურველთათვის. სხვათა შორის, პიესის „კვდები, როგორც ქვეყანა“  დადგა ქალბატონმა ქეთი დოლიძემ განახორციელა, ზურა ყიფშიძე კი, ერთგვარი მთხრობლის როლში მოგვევლინება და ტექსტს წაიკითხავს. ასევე ფესტივალს ბათუმიდან ეწვევა ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამა “მედეას ვნებები”, ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე. 28 ოქტომბერს ახალგაზრდა ნოვატორი მიხეილ მარმარინოსი ჩამოვა, ფესტივალი კი, იტალიელი დრამატურგის კარლო გოლდონის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „სასტუმროს დიასახლისით“ დაიხურება თუმანიშვილის თეატარში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთის და იტალიის საელჩოები დაარსების დღიდანვე მხარში გვიდგას.

– სოფო, რამდენად კმაყოფილი ხართ პროგრამით?

– ნაკლებად მასშტაბური, თუმცა ძალიან საინტერესო პროგრამა გამოგვივიდა, ამიტომ იმედი გვაქვს პუბლიკაც კმაყოფილი დარჩება. 25 წელი – საკმაოდ დიდი დროა, ამ პერიოდში ფესტივალმა უამრავ სირთულეს გაუძლო და დღემდე მოაღწია. ჩვენ ყოველთვის ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის ვმუშაობთ და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად გაიზარდა რამდენიმე თაობა, მით უფრო, რომ „საჩუქარი“ არა მხოლოდ თეატარალური, არამედ ზოგადად ხელოვნების ფესტივალია, რომელმაც ყველა სფერო გააერთიანა.

– თამრი, ძალიან ორიგინალური ფორმატი აქვს Gift TV-ს, რომელიც ყოველთვის საინტერესოდ მიმოიხილავს ფესტივალს,

– Gift TV-ის გარდა, ფესტივალს თავისი გვერდი და YouTube Channel აქვს, ასე რომ, ყველას შეუძლია გვადევნოს თვალი, შეიტყოს უახლესი ინფორმაცია და ერთგვარად შეაჯამოს ყოველი საფესტივალო დღე.

– სოფო, თქვენ რომელი სპექტაკლის ნახვას გვირჩევთ?

– ყველა სპექტაკლი უნდა ნახოთ, რადგან ყველა ერთნაირად საინტერესოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები