4 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლები ვახო ბაბუნაშვილი და სოფო ებრალიძე სტუმრობდნენ, რომელთაც ფესტივალის ისტორიისა და წლევანდელი სიახლეების შესახებ ისაუბრეს.
– რა პროგრამას შესთავაზებთ მელომანებს წელს?
– (ვახო ბაბუნაშვილი) 11 წელია ფესტივალი არსებობს და მიხარია, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და იხვეწება. უამრავი ახალი მეგობარი შევიძინეთ, განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ ახალგაზრდების შემომატება, ვისაც რამდენიმე წლის წინ ასაკი არ უწყობდა ხელს ჩვენს ფესტივალზე დასასწრებად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კონკურსი, რომელიც ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილია და ახალი მუსიკოსების მოძიებას ისახავს მიზნად. წელს კონკურსს ფესტივალი „როკვაც“ შემოუერთდება, რომელიც რაჭაში ჩატარდება, რაც კონკურსში მონაწილეებს ერთდროულად ორ ფესტივალში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
– (სოფო ებრალიძე) ტრადიციულად Tbilisi Open Air სამი დღე იმართება. წელს ფესტივალი 24 ივნისს აიღებს სტარტს და 26 ივნისამდე გაგრძელდება. ოთხი სცენა გვექნება და იმედი მაქვს ყველა ასაკისა და გემოვნების მსმენელს დავაკმაყოფილებთ. გასაგები მიზეზების გამო 2 წელია ფესტივალი არ ჩატარებულა, ამიტომ წელს გაათმაგებული ენერგიითა და ენთუზიაზმით ვემზადებით. ვფიქრობ, ჩვენი სლოგანი „მუსიკა ათავისუფლებს“ სწორედ წელს ერგება ფესტივალს ყველაზე მეტად.
– წელს ვინ ესტუმრება ფესტივალს?
– (სოფო ებრალიძე) საბედნიეროდ, Tbilisi Open Air დიდი ხანია კარგი რეპუტაციით სარგებლობს, რაც მნიშვნელოვნად გვიმარტივებს სხვადასხვა დონის არტისტებთან მოლაპარაკებას. მიხარია, რომ წელს უამრავი საინტერესო სტუმარი გვეყოლება, რომლებიც ყველა მუსიკალური ჟანრის მოყვარულებს დააკმაყოფილებენ. უამრავ პროექტში ვმონაწილეობ და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ Tbilisi Open Air-ს ყველა მეტი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს.
– (ვახო ბაბუნაშვილი) ცალკე აღნიშვნის ღირსია უკრაინული ჯგუფის Okean Elzy-ს სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც პრაქტიკულად საომარ მოქმედებებშია ჩაბმული, რადგან ამ პირობებში კონცერტების მოწყობა ისეთივე ბრძოლაა, როგორც ავტომატით ხელში.
– რამდენადაც ვიცი, წელს ფესტივალი საქველმოქმედო იქნება?
– (სოფო ებრალიძე) გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკვე გადაირიცხა უკრაინის მხარდამჭერ ფონდში.
– (ვახო ბაბუნაშვილი) ამასთანავე, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები შევიძინეთ და გავგზავნეთ, თუმცა ამაზე საუბარი ცოტა უხერხულად მეჩვენება, რადგან ვფიქრობ, უკრაინელების დასახმარებლად ყველამ თავისი, თუნდაც მცირე წვლილი უნდა შეიტანოს.