11 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე, მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „წერო“ გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. კონკურსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ის ორ ეტაპად მიმდინარეობდა, ინტერნეტსივრცეში, ვებგვერდ lit.ge-ს საშუალებით.
პირველ ეტაპზე ექვსი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ 455 ნაწარმოებიდან 16 საუკეთესო დაასახელა, შემდეგ ეტაპზე კი შერჩეულ ნაწარმოებებს შორის გამარჯვებულს საიტის მკითხველი გამოავლენს. სულ სამი გამარჯვებული დასახელდება, პირველი პრემიის მფლობელი მიიღებს 4000 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი – 2000-ს, მესამე ადგილოსანს წილად ხვდება 1000 ლარი.
საღამოზე ასევე დაჯილდოვდება ჟიურის და კულტურის სამინისტროს რჩეული ნაწარმოებები.
სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებულები გახდნენ ვანო ჩხიკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, ბაჩო კვირტია, დიანა ანფიმიადი.
