ცხოველის პირადი AI ასისტენტი, რომელიც ცხოველის ისტორიას შეინახავს და მის საფუძველზე ოთხფეხა მეგობრის მეპატრონეს ექსპერტულ და ინდივიდუალურ კონსულტაციას გაუწევს, მისცემს პერსონალიზებულ რჩევებს მისთვის საინტერესო/საჭირო საკითხზე – ეს ის კონცეფციაა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთერთმეტე რაუნდში გამოარჩია და სხვა 19 პროექტთან ერთად საუკეთესოდ დაასახელა.
აღნიშნული კონცეფცია სტარტაპს Wiggly ეკუთვნის, რომელიც ჯერჯერობით ოთხ ახალგაზრდას აერთიანებს და რომელიც გამართულად ფუნქციონირებისა და კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის აქტიურად თანამშრომლობს ვეტერინარებთან, ნუტრიციოლოგებთან, კინოლოგებთან და შინაური ცხოველების სფეროს სხვა ექსპერტებთან.
თორნიკე ჩუნთიშვილი, Wiggly AI-ის თანადამფუძნებელი:
– იდეა რეალური საჭიროებებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე გაჩნდა. როგორც იცით, შინაური ცხოველის აყვანას უამრავი კითხვა ახლავს, დაწყებული ვეტერინარული და ნუტრიციული, დამთავრებული ქცევასთან და ზოგად მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცხოველების უფლებადამცველ მეგობართან, ნათია ჩიქოვანთან აღნიშნულ თემაზე საუბრისას ნათელი გახდა, რომ ხელოვნური ინტელექტი იდეალური გადაწყვეტა იქნებოდა, ის შინაური ცხოველის მეპატრონეს ასისტენტობას და გზამკვლევობას ცხოველის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუწევდა. ჩვენი იდეა რევაზ ჭითანავამ და გიგი ზურაბაშვილმაც გაიზიარეს და ასე ვიქეცით სტარტაპად.
Wiggly-ს საცდელი ვერსია ბაზრის მოკვლევის საფუძველზე შევქმენით და შექმნისთანავე მესინჯერს დავუკავშირეთ. სატესტო ვარიანტის წარმატებამ მობილური აპლიკაციის შემუშავებისკენ გვიბიძგა, რომელიც დეკემბერში ჩაეშვება და ის ჩვენი საბოლოო პროდუქტი იქნება. მომდევნო სამი თვის განმავლობაში ეტაპობრივად ავამოქმედებთ მის ყველა ფუნქციონალს.
ჩვენს აპლიკაციას სამი მთავარი დანიშნულება აქვს:
- ცხოველის მეპატრონეს ჩატის (და მომავალში ხმოვანი ასისტენტის) მეშვეობით ყველა კითხვაზე გასცეს პერსონალიზებული და მაღალპროფესიონალური პასუხი, იქნება ეს ვეტერინარია და პირველადი დიაგნოსტიკა, ნუტრიციოლოგია, ქცევასთან დაკავშირებული, თუ სხვა ყოველდღიური კითხვები.
- შეინახოს და მონიტორინგი გაუწიოს ოთხფეხა მეგობრის ბიოლოგიურ მონაცემებს.
- იყოს გზამკვლევი ცხოველის მოვლისა და აღზრდის მიმართულებით. ის, მაგალითად, შეძლებს პატრონი გააფრთხილოს, ცხოველის მონაცემებში რაიმე გადაცდენას თუ შეამჩნევს.
Wiggly ამ ეტაპისთვის ორი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველის, ძაღლებისა და კატების მეპატრონეებისთვისაა განკუთვნილი და ჯერჯერობით მხოლოდ ამ ორ ცხოველთან დაკავშირებულ კითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა.
Wiggly-ს გამოყენებას სამი მთავარი უპირატესობა აქვს:
- ის ინახავს თქვენი ცხოველის ინფორმაციას, შესაბამისად, პასუხები პერსონალიზებულია და განკუთვნილია კონკრეტულად თქვენი ცხოველისთვის.
- მოგეხსენებათ, ინტერნეტში ცხოველებთან დაკავშირებით უამრავი სტატია და ინფორმაციაა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ არის გაფილტრული და პროფესიონალური. Wiggly-ს შემთხვევაში კი ინფორმაცია დარგის შესაბამისი სპეციალისტის მიერაა შედგენილი.
- ინტერნეტში ძიებისგან განსხვავებით, Wiggly-სგან ინფორმაციის მიღება უმარტივესია. ჩატში სასურველი კითხვის მიწერის შემდეგ პასუხს მარტივი და გასაგები ენით მიიღებთ. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მომდევნო წელს Wiggly-ს ხმოვანი ასისტენტის ფუნქციაც დაემატება.
გრანტი, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მივიღეთ, პროდუქტის გაუმჯობესებასა და მარკეტინგს მოხმარდება. აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი კონკურსი ჩვენთვის პირველი გამოცდილება იყო. გამარჯვებამდე სამი ეტაპი გავიარეთ. განსაკუთრებით ღირებული ფინალურ ეტაპზე სილიკონ ველიდან მოწვეულ ქოუჩებთან ერთად პროდუქტის დახვეწასა და ბიზნეს გეგმის შედგენაზე მუშაობა იყო. ამან, ვფიქრობ, ჩვენი სტარტაპის როგორც კონცეფცია, ისე განვითარების ხედვა წინ მნიშვნელოვნად წასწია.
ჩვენი მთავარი, საბოლოო სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატებია, რა მიმართულებითაც მომავალი წლის მარტიდან გავაქტიურდებით. ვიცით, რომ დიდი ამბიციები გვაქვს, მაგრამ ჩვენი იდეის გვჯერა და ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცხოველების ინდუსტრიის უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია.