LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წიგნი ყველა სოფელს“ პროექტით სვანეთის ბიბლიოთეკები მომარაგდა

114

„წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში  წიგნების შეგროვების აქცია მოეწყო. „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტით შეგროვებული წიგნები ამჯერად სვანეთის ადგილობრივ ბიბლიოთეკებს გადაეცა.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, „მოსიარულე ბიბლიოთეკის“ სვანეთში გასაცილებლად ეთნოგრაფიულ მუზეუმში  სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა, მოეწყო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული, სვანეთში არსებული სოციალური საწარმოს სვანური ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა. სტუმრების წინაშე სვანური მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლები. მუზეუმში მოსულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ეჩუქებინათ  წიგნები მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია.

მათივე ცნობით,  „წიგნი ყველა სოფელს“ – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივით  ხორციელდება.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინდონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g