LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საავტორო უფლებების დაცვის ახალ ინიციატივას იწყებს

704
თამარ ლებანიძე

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია თითქმის 30 წლის წინ დაფუძნდა და ამ ხნის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას და პროექტს დაუდო საფუძველი. სწორედ ასოციაციის ძალისხმევით ჩატარდა თბილისის წიგნის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, მანვე ჩაუყარა საფუძველი სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას, რომლის მიზანიც წიგნის სექტორის ინტერესებისა და საავტორო უფლებების დაცვა, ასევე ბეჭდვის თავისუფლების მიმართულებით საქმიანობაა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ასოციაციის დამსახურებაა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ქართული ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია და ქართველი ავტორებისა და გამოცემების ცნობადობის გაზრდა მსოფლიო მასშტაბით.

თამარ ლებანიძე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე:

– თუკი მკითხველი გაიხსენებს, რა ხდებოდა ამ 30 წლის განმავლობაში, იმასაც მიხვდება, დაახლოებით რა გზა გაიარა ასოციაციამ. იყო ბევრი სირთულე და ბევრი წარმატებაც. და ის, რომ უკვე 27-ედ ტარდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს არა მარტო ჩვენთვის, ვინც ამ დღესასწაულს ვაორგანიზებთ, არამედ ჩვენი მკითხველისთვის. მთავარი მკითხველია და ჩვენ ყოველთვის მასზე ვართ ორიენტირებული. ეს არის ძალიან თავისებური ბიზნესი, შემოქმედებითი, რთული და საინტერესოა იმ  თვალსაზრისით, რომ ჩვენი საქმიანობა უკავშირდება არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ჩვენი ენობრივი წიაღის განვითარებას. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვართ ის ხალხი – ქართველი გამომცემლები, ავტორები, მთარგმნელები, რედაქტორები და სხვა, რომლებიც სწორედ საფუძველს ვქმნით. ვფიქრობ, ბოლო წლების წარმატება, რაც საგამომცემლო სექტორს აქვს, ჩვენი ერთობლივი მუშაობის და მკითხველის დამსახურებაა. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან ბევრია. მათ შორის არის ისეთი რთული პრობლემა (არა მხოლოდ საქართველოში გავრცელებული), როგორიცაა „შავი ბაზარი“. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, უპირველესად, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებით, თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებით და შიდა დიალოგითაც – ის ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, აყალბებენ სხვის ნამუშევარს და „შავ ბაზარზე“ მოქმედებენ, ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, დიალოგიც უნდა მოვსინჯოთ მათთან. ყველამ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე ისევე, როგორც ნებისმიერ იმ პრობლემაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებას დღეს აწუხებს.

– დავაზუსტოთ, რას წარმოადგენს „შავი ბაზარი“?

– რასაკვირველია, წიგნების PDF ფაილები ინტერნეტითაც ვრცელდება, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ფიზიკურად, არალეგალურად დაბეჭდილი წიგნები. ეს შეიძლება იყოს მხატვრული ლიტერატურა, სასწავლო მასალა. სამწუხაროდ, იმ ადამიანების ხელში, ვინც ამ არალეგალურ საქმიანობას ეწევა, მოხვდება ხოლმე ჩვენი – გამომცემლების, ავტორების, მთარგმნელების ნაშრომი, ისინი მიმართავენ სტამბებს, აძლევენ ამ ფაილებს, ბეჭდავენ ტირაჟებს და ყიდიან, ძირითადად, ბაზრობებზე, ზოგჯერ მაღაზიებშიც არის შესული ასეთი არალეგალური პროდუქცია. ბოლო წლებში აღმოვაჩინეთ, რომ არა მარტო საქართველოში იბეჭდება ასეთი წიგნები, არამედ სხვა ქვეყნებშიც და შემოდის საქართველოში. ახლა ვცდილობთ, რომ ეს საკითხი მოვიკვლიოთ სიღრმისეულად, გავერკვეთ დეტალებში, სტატისტიკასაც შევხედოთ და ამის მერე უფრო ენერგიულად დავიწყოთ მოქმედება სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, რადგან სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.

შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც ასოციაციას საავტორო უფლებების დაცვის კუთხით გააჩნია ამჟამად?

– ამ წუთას ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მზად არის ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები, თუმცა ასოციაციას ჰყავს იურისტი, რომელიც კვალიფიციურად მუშაობს ამ საკითხზე. ამჟამად, როგორც უკვე მოგახსენეთ, კვლევის ეტაპზე ვართ, ვაგროვებთ ინფორმაციას, ვცდილობთ, ყველა ფაქტორი გავითვალისწინოთ და დაახლოებით, 2-3 თვეში უკვე გვექნება მზად, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ინიციატივები და მეორე მხრივ, სურათის ანალიზიც, რომელსაც მედიას და ფართო საზოგადოებას გავაცნობთ.

– როგორ შეიძლება შევაფასოთ საავტორო უფლებების დაცვის კუთხით დღეს მოქმედი კანონმდებლობა?

– რასაკვირველია, დღეს მოქმედი კანონმდებლობაც ითვალისწინებს გარკვეულ სასჯელს წიგნების არალეგალურად ბეჭდვისთვის და ეს არის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ აღსრულების ნაწილში გვაქვს პრობლემები. აქ იკვეთება ცოდნის, ინფორმაციის ნაკლებობა როგორც საზოგადოების ფართო წრეებში, ისე იმ სამართალდამცველებს შორის, რომლებმაც ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ. ცნობიერების ამაღლების კუთხითაც უნდა ვიმუშაოთ ბევრი და რაც მთავარია, კანონმდებლობა დავხვეწოთ პროცედურული თვალსაზრისით, უნდა გამკაცრდეს კანონში ჩადებული ნორმები.

– ამ პროცესში მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ასოციაციის, გამომცემლების, ავტორების აქტიურობა, არამედ საზოგადოებისაც. როგორი უნდა იყოს საზოგადოების როლი, რა ძალუძს მას?

– საზოგადოებას მართებს დაფიქრება იმაზე, რას ნიშნავს კანონმორჩილება. შესაძლოა, ზოგადი საკითხია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ვყიდულობთ არალეგალურად გამოცემულ წიგნს, სამწუხაროდ, ვუწყობთ ხელს არასწორი პროცესების განვითარებას ქვეყანაში. ასე რომ, ისევ ცნობიერების ამაღლებამდე მივდივართ, რაც, ჩვენთან ერთად, თითოეული მოქალაქის სამუშაოცაა, რადგან ეს არის საერთო პასუხისმგებლობის საგანი. არის კიდევ ერთი მომენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია – ავტორები ახსენეთ და, მათ პერიოდულად უჩნდებათ ეჭვი, რომ იშრომეს, დაწერეს რაღაც, თითქოს წარმატებულია მათი ნაშრომი, მაგრამ ეს ფინანსურად საკმარისად არ აისახება მათ ჯიბეზე. ესეც საერთო პრობლემების ნაწილია. ავტორებმაც უნდა გაიზარონ, რომ „შავი ბაზარი“ ხელს უშლის სწორ ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად, კეთილდღეობის ზრდას.

– მოდით, მკითხველის თვალითაც შევხედოთ ვითარებას, თანაც იმ მკითხველის, რომელსაც მატერიალური მდგომარეობა „შავი ბაზრისკენ“ უბიძგებს.

–  იმდენად გათავხედდნენ ეს არალეგალურად მბეჭდავები, რომ ხანდახან ლეგალურ ეგზემპლარზე უფრო ძვირი ღირს არალეგალური გამოცემა. მაგრამ, უმეტესწილად, ფასი ცოტათი უფრო დაბალია ხოლმე. თქვენ შეეხეთ უაღრესად მნიშვნელოვან თემას, ეს არის წიგნების ხელმისაწვდომობა. ერთია, რას ვყიდულობთ და მეორე, რაზე მიგვიწვდება ხელი. აქ უკვე სახელმწიფოს ხედვაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც, რასაკვირველია, გვაქვს გეგმები.

– კიდევ ერთი გეგმა, რომელზეც უნდა შევაჩეროთ ყურადღება, წიგნის ის ტრადიციული ფესტივალია, რომელსაც ყოველ მაისს მოუთმენლად ელის ხოლმე მკითხველი თბილისში.

– სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაისის წიგნის ფესტივალი არ ტარდება. ეს ის ტრადიციაა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და არათუ ჩატარდება, მკითხველის მოლოდინსაც გადააჭარბებს. ერწმუნეთ ჩემს გამოცდილებას და ასოციაციის წევრების ხედვას. ასე რომ, გელით 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“.

magti 5g