LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინა ოლიმპიადაც ჩემი გაფორმებულია, წელს რატომ გაგიჟდნენ?! სოციალური მედიით მანიპულირება უაზრობაა – გამრუდებული რეალობა, რომელიც რაღაცნაირად მოქმედებს“ – რას ამბობს ცნობილი დიზაინერი, სიმონ მაჩაბელი, რომელმაც ოლიმპიელების სამოსი შექმნა

1097
სიმონ მაჩაბელი, ოლიმპიადა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების უნიფორმები საყოველთაო განხილვის საგანი გახდა – დიზაინერ სიმონ მაჩაბლის მიერ შექმნილმა სამოსმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია.

სოციალურ პლატფორმებზე მეტწილად კრიტიკული და სახალისო კომენტარები იწერებოდა, რასაც თავად დიზაინერი მტკივნეულად არ აღიქვამს და ამბობს, რომ უკონტექსტო შეფასება და შექმნილი აჟიოტაჟი, მისთვის გაუგებარია.

გამოცდილმა და უკვე მსოფლიო მასშტაბით აღიარებულმა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა, რომელსაც სპორტული ღონისძიებების გაფორმების დიდი გამოცდილება მანამდეც ჰქონდა, „ფორტუნასთან“ წლევანდელი ოლიმპიელების უნიფორმასა და მისი შექმნის შთაგონების წყაროზე ისაუბრა.

როგორც მან გვითხრა, აღნიშნული სამოსის, ისევე როგორც ნებისმიერი თემატური უნიფორმის შექმნას, თავისი ობიექტური სტანდარტები გააჩნია, რაც მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, სრულად დაცული იყო.

სიმონ მაჩაბელი ასევე ამბობს, რომ უნიფორმები, გარემოსა და ღონისძიების შინაარს თემატურად სრულად პასუხობდა და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი კარგად იყო შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენების უნიფორმებზეც ასევე სიმონ მაჩაბელმა იმუშავა.

სიმონ მაჩაბელი: იცით რაშია საქმე? – დიზაინი არის საკმაოდ ობიექტური რამ, შენ თუ იქ რაღაც პარამეტრებს დაიცავ, შემდეგ, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია – ვიღაცას მოეწონება ან არ მოეწონება, მაგრამ როდესაც ნამუშევარი კონკრეტული ამბისთვის, მოვლენისთვის იქმნება, იქ არის რაღაც კონკრეტული მონაცემები, რომელიც უკვე პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო შესრულებული. უნიფორმა სრულად პასუხობდა იმ მოცემულობას, რომელშიც ნაჩვენები უნდა ყოფილიყო. მთავარი რა იყო?! – ეს იყო მედიამოვლენა, მთელ ამ მხიარულებაში კი საქართველოს ხილვადობა მაქსიმუმ ორ წუთს გაგრძელდებოდა, ამიტომ, უნდა შემექმნა ისეთი რაღაც, რაც ამ ორი წუთის განმავლობაში თან გემოვნებიანი იქნებოდა და საერთო სურათში ჩაჯდებოდა, მაგრამ ამავე დროს, რაღაც დასამახსოვრებელი დეტალით და ქართულ იდენტობასთან შეხამებული.

მგონი, ამ პარამეტრების გათვალისწინებით ყველაფერი დაცული იყო. ეს არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ბარნოვზე და მრგვალ ბაღში ხალხს ძალით ჩაეცვა ან მაინც და მაინც იმისთვის, რომ ფეხსაცმელგადიდებული ფოტოები გვერჩია მანამ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა“, – უთხრა „ფორტუნას“ სიმონ მაჩაბელმა.

დასმულ კითხვაზე, გარდა ზემოთაღნიშნული პარამეტრებისა, რა იყო წლევანდელი ღონისძიების უნიფორმების შექმნის მთავარი შთაგონების წყარო და იმუშავა თუ არა ერთპიროვნულად ესკიზის შექმნაზე, დიზაინერმა შემდეგნაირად გვიპასუხა:

„წლევანდელი ოლიმპიადა სრულად არაორდინარულ და ახალ ფორმაში გაიმართა, ეს ყველამ ვნახეთ. წელს წყალზე, გემბანზე უნდა გამოსულიყო სპორტსმენების ჯგუფი, თანაც ეს მოხდებოდა საღამოს და გარდა იმისა, რომ ჩვენი ეროვნული დროშა არის თეთრი და წითელი, რაც თავისთავად რთული კომბინაციაა, პროპორციები არის სხვანაირი – მეტად ჭარბობს თეთრი, ნაკლებად წითელი.

სწორედ ამით ვიხელმძღვანელე და გავაკეთე ასეთი უნიფორმა, რომელიც გარედან ძირითადად თეთრი იყო, ხოლო შიგნიდან ჭრელი, წითელ ფერთან გათამაშებული.

რაც შეეხება ორნამენტს და სიჭრელეს, იმ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, რაზედაც უკვე გესაუბრეთ, მგონი ჩვენი ჯგუფი მშვენივრად გამოიყურება. არავისზე არც ნაკლები და არც მეტი იყო და მით უმეტეს, არც ძველმოდურად ან არათანამედროვედ ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

გარდა ამისა, როდესაც ორნამენტთან ახლოს მიხვიდოდი, ნახავდი, რომ ეს არის ბოლნური ჯვარი, გაკეთებული ეიფელის კოშკებისგან, ახლა მითხარით, როგორი აქტიური იყო ეიფელის კოშკი, როგორც სიმბოლო იმ დღის გახსნაზე?!“ – აღნიშნა სიმონ მაჩაბელმა.

როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც უნიფორმის შესახებ კრიტიკულ კომენტარებს გაეცნო, ამ კითხვაზე დიზაინერმა გვიპასუხა, რომ მისთვის ეს რთულად აღსაქმელი ან მტკივნეული არ ყოფილა. როგორც სიმონ მაჩაბელმა გვითხრა, უკონტექსტო შეფასებები მისთვის გაუგებარია.

„იმის გამო, რომ ჩემი საქმე არის ნომერ პირველი და მე ამ საქმის მართლა პროფესიონალი ვარ, [ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე ვამბობ], ეს თემა ჩემთვის, გაუგებარია. ახლა მე რომ საუბარი თქვენი სტუდიის დიზაინზე დავიწყო, ისე რომ ამ სტუდიაში ნამყოფი არ ვარ [თუმცა, შემიძლია წარმოვიდგინო როგორია თქვენი სტუდია] და დაგცინოთ, ეს ნორმალური იქნება?

ოლიმპიადის გახსნამდე სრულიად საქართველო იყო აღშფოთებული, თურმე ეს რა მოხდა, მაშინ როდესაც ჯერ არაფერი მომხდარა. ხომ არ შეიძლება ქორწილამდე ქალს უშვილობა დავაბრალოთ?

წინა ოლიმპიადაც მე გავაფორმე, ალბათ, ცოტა ჩემი ბრალია, რომ პიარზე არ მიზრუნია. პირველ რიგში, საფრანგეთზე ვიყავი ორიენტირებული, ჩემთვის ეს მოვლენა მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ღონისძიება შედგა და რაღაც ტელერეპორტაჟისთვის ან სოციალურ მედიაში განსახილველად არ ვაკეთებდი.

სხვათა შორის, ბევრი რამ, მათ შორის ის, რომ ეიფელის კოშკი იქნებოდა მთავარი, არავის უთქვამს, აბსოლუტურად ჩემი ინტუიციითა და ჩემი კონტაქტებით მივხვდი. უბრალოდ დაემთხვა, რომ ამ ცერემონიაზე ჩემი ფრანგი მეგობრებიც მუშაობდნენ, ვისთან ერთადაც ამსტერდამში სხვა პროექტზე ვმუშაობდი.

საქართველოში არ ვიყავი, როდესაც ესკიზი გავაკეთე. როგორც მახსოვს, ზამთარში დამიკავშირდნენ, მე კი ადრეულ გაზაფხულზე ჰოლანდიაში წავედი, ოპერას ვაფორმებდი, ესკიზი ონლაინ გამოვგზავნე.

ბევრი მიანიშნებდა კორუფციაზე, რაც ჩემთვის გაუგებარია. ისიც გაუგებარია რატომაა თეთრის და წითლის კომბინაცია რუსული ან „მატრიოშკები“ რატომ იყვნენ, არ ვიცი… რაც შეეხება ჩემს ურთიერთობებს დიდ ღონისძიებებთან, შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წელს გავიმარჯვე და საპატიო ყარაულის [სამხედრო] უნიფორმა ჩემი გაკეთებულია, რომელიც ადრე გმირთა მოედანზე იდგა და მერე შეცვალეს.

წინა ოლიმპიადაც ჩემი გაფორმებულია, რომელზედაც საერთოდ არანაირი კომენტარი არ ყოფილა, დაახლოებით იმავენაირი უნიფორმა ეცვათ – თეთრი შარვალი, წითელი ლენტებით. რატომ გაგიჟდნენ წელს? ვერ მივხვდი. გარდა ამისა, ჭადრაკის ოლიმპიადაც მაქვს გაფორმებული, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. თუ სწორად მახსოვს 2015 წელს ბათუმში გაიმართა და მართლა ძალიან კარგი გამოვიდა.

მტკივნეული აღსაქმელი [კრიტიკული კომენტარები] არ ყოფილა, რადგან არ იყო საქმიანი და კომპეტენციის ფარგლებში შეფასებული. როდესაც შენ ლანძღავ ფეხსაცმელს, ფეხსაცმელი ვიღაცისთვის არის ფეხსაცმელი და ჩემთვის უამრავი ისტორია აქვს, რომელიც შემიძლია მილიონ კონტექსტში განვიხილო. საერთოდაც, რაიმეს კონტექსტის გარეშე კრიტიკა, დღევანდელ სამყაროში, აბსოლუტური სისულელე მგონია.

ამიტომ, სოციალური მედიით მანიპულირება უაზრობაა – გამრუდებული რეალობა, რომელიც რაღაცნაირად მოქმედებს. ხალხი მეცოდება, რომელიც იმდენად ტვინგამორეცხილია, რომ სწორად ვეღარ აღიქვამს რეალობას“, – გვითხრა დიზაინერმა, რომელსაც კითხვა სამომავლო გეგმებზეც დავუსვით:

„პირადად ჩემი გადასახედიდან, როგორც მხატვრის შეხედულებით, ეს მასშტაბური პროექტი არ ყოფილა. ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა, ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს.

ახლა ვმუშაობ ფილმზე, რომელიც ანა ურუშაძემ გადაიღო, ამონტაჟებს და რომლის დამდგმელი რეჟისორი ვიყავი, ველოდები ამ პროექტს.

გარდა ამისა, ახალ თეატრში დრამატულ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ჩემს საყვარელ რეჟისორთან და ქართველ მსახიობებთან ერთად. ამასთან, ვამზადებ დიდ პროექტს ჰამბურგის ოპერისთვის.“ – უთხრა „ფორტუნას“ სიმონ მაჩაბელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g