LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეწოლა, მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება – დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში

91
BeFunky-collage (3)

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო მონიტორინგის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა. მოსყიდვაში ფიგურირებს როგორც სამთავრობო პარტიის წარმომადგენელი, ასევე ოპოზიციაც.

კვლევაში განმარტებულია, რომ  სავარაუდო მოსყიდვის 4 ფაქტი გამოვლიდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ. 1 შემთხვევა პარტია “ლელო საქართველოსთვის”, 2 ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” , ხოლო თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ 1 ფაქტი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

კვლევაში მოხვდა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენელთა სამსახურიდან გათავისუფლების საკითხიც. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.

ასევე, საუბარია ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე. ორგანიზაციის ანგარისში ნათქვამია, რომ მარნეულში „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში ჩაატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ფაქტის ამსახველი ვიდეო „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გაავრცელა.

აგრეთვე, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებთან აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.

ანგარის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც ჰქონდა ადგილი საჩხერესა და ლაგოდეხში.

“აღსანიშნავია, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ” – წერია კვლევაში.

რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხს,  ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს, პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად „ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაამისამართა, რადგან ოჯახი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრება.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების ჩართვის ფაქტიც აღინიშნა.

“დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია” – წერია კვლევაში.

ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის ისეთი ფორმა, რაც შეიცავს მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად.

“სამართლიანი არჩევნების” რეკომენდაციაა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და გამორიცხონ ამ პროცესში მოქალაქეთა დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების ან/და პარტიული კუთვნილების საფუძველზე.

 

 

magti 5g