LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენცია დასრულდა

115
Untitled design (4)

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-11 რეგიონული კონფერენცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით დასრულდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ისტორიაში პირველად, ამ მასშტაბის კონფერენციას საქართველოს წითელმა ჯვარმა უმასპინძლა, რომელსაც 53 ქვეყნის ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოებები წარმომადგენლები და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის უმაღლესი პირები ესწრებოდნენ.

“კონფერენცია რეგიონში არსებული მწვავე გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა. საქართველოში ჩამოსული დელეგაციები სამი დღის განმავლობაში, 26-28 აპრილს, სამ ძირითად საკითხს – მიგრაციას, კოვიდ-19-სა და კლიმატის ცვლილებებს განიხილავდნენ და სამომავლო მოქმედების სტრატეგიებზე მუშაობდნენ.

ამ საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება კრიზისის მასშტაბებმა განაპირობა. კოვიდ-19-მა თითქმის ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მიუხედავად ვაქცინაციისა, პანდემია დღემდე გრძელდება. მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების მასშტაბები კრიტიკულად იზრდება. კლიმატის ცვლილება კი რეგიონის მასშტაბით ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება და საჭიროებს მყისიერ ჰუმანიტარულ თანადგომასა და დახმარებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის თქმით, კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ახლა, რადგან რეგიონში არსებული სიტუაცია განახლებული გეგმის შემუშავებისა და ძალების გაერთიანების საჭიროებას ქმნიდა:

“სამი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი რეგიონი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოებების წარმომადგენლებისგან ისმოდა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ საჭიროა გავაძლიეროთ ინვესტიციები ეროვნული საზოგადოებების გასაძლიერებლად, რათა გამოწვევებზე რეაგირება ჩვენი მხრიდან იყოს უფრო მყისიერი და ეფექტური”, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კოვიდ-19 პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებასაც. მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკა ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოებებისთვის კარგი მაგალითი იყო იმისთვის, რათა მომავალში მსგავს მოვლენებს უფრო მომზადებულები შეხვდნენ.

“როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენ გვიწევდა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, გზადაგზა შექმნა და სწავლა ჩვენი გეგმების. ამ კონფერენციაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას პანდემიის დროს სამოქმედო გეგმის საერთო გაიდლაინი, რაც როგორც ქვეყნებს, ისე წითელი ჯვრის საზოგადოებებს დაგვეხმარება უფრო სწრაფად და უფრო შედეგიანად ვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ”, – თქვა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა.

როგორც წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კონფერენციაზე ფართოდ იყო განხილული, კლიმატის ცვლილებებია.

ნათია ლოლაძის თქმით, შეიქმნა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მთავრობასთან აქტიურ თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების შესატანადაც. მომავალში, საქართველოს წითელი ჯვარი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს საკანონმდებლო ორგანოსთან.

კონფერენციის მიმდინარეობისას ჩატარდა ვოქრშოფებიც, რომელსაც მოწვეული დელეგატები და წითელი ჯვრის მოხალისეები დაესწრნენ. ვორქშოფებზე გაზიარებული იყო აღნიშნულ სამ ძირითად თემებზე წითელი ჯვრის გამოცდილება, გამოწვევებთან გამკლავების მეთოდები და გეგმები.

ორგანიზაციის ცნობით, მე-11 რეგიონულ კონფერენციას განსაკუთრებული სტუმრების რანგში ესწრებოდნენ:

ფრანჩესკო როკა – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი.

დოქტორ კერემ კინიკი – თურქეთის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ბირგიტა ბიშოფ ებესენი – ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი

ნათია ლოლაძე – საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g